კახა კახიშვილი - მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია და ეს არის ჩვენი დამსახურება
კახა კახიშვილი - მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია და ეს არის ჩვენი დამსახურება

მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია და ეს არის ჩვენი დამსახურება, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა კახა კახიშვილმა.

კახიშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ისაუბრა.

„ნამდვილად არ მიხარია არავის ციხეში ყოფნა, მით უმეტეს, ამ სისტემის მინისტრი ვიყავი, მაგრამ სხვაობა მინდა ნახოთ. როდესაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაიჭირეს, სულხან მოლაშვილი, მირცხულავა და ა.შ. მათი ოჯახი იმაზე კი არ ფიქრობდა, რა სასამართლო განიხილავდა და რამდენ ბრალს დაუტოვებდნენ და რამდენ ბრალს არა; იმაზე ფიქრობდნენ, ცოცხლები გამოვიდოდნენ იქიდან თუ არა. შეგნებულად ჩასვამდნენ თუ არა ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებთან, რომ გადადებოდათ, თუ არ ჩასვამდნენ.

დღეს როდესაც ვსაუბრობთ შიმშილობის გამოცხადებაზე, კარგია, რომ დღეს შიმშილობის გამოცხადება არის პიროვნების ნების გამოხატულება. წლების განმავლობაში ეს იყო უკიდურესი, ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ისედაც არ იყო საჭმელი ციხეში და ყველა შიმშილობდა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, ეს არის ჩვენი დამსახურება. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სისტემის თანამშრომლები კარგად ექცევიან და პოლიციამ თავაზიანად მიიყვანა იქ, სადაც უნდა მიეყვანა, ესეც ამ სისტემის და ხელმძღვანელების დამსახურებაა, რადგან ზიზღზე აგებული თანამშრომლები არ გაუშვეს დასაკავებლად და დაკავება არ მომხდარა ღირსების შელახვის საფუძველზე.

ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ გვახსოვს ღირსების შემლახავი დაკავებები, როდესაც ღამის პერანგებში ათრევდნენ ქალბატონებს ღამე“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.