ზვიად კვაჭანტირაძე - თუკი დიასპორული პოლიტიკა განვითარდება, კომიტეტის ტრანსფორმაციაზე ფიქრი შესაძლებელია, მაგრამ ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს
ზვიად კვაჭანტირაძე - თუკი დიასპორული პოლიტიკა განვითარდება, კომიტეტის ტრანსფორმაციაზე ფიქრი შესაძლებელია, მაგრამ ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის არსებული სახით შენარჩუნების მომხრეა, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, დეპუტატი არც კომიტეტის ტრანსფორმაციას გამორიცხავს.

პირველ არხთან საუბარში ზვიად კვაჭანტირაძე რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის გათვალისწინებით, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი შესაძლოა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს შეუერთდეს.

ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში დიასპორის საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს, აღნიშნავს, რომ დაკვირვება იმაზე უნდა მოხდეს, რამდენად ეფექტური იქნება ის შერწყმა, რომელიც დიასპორის სახელმწიფო აპარატის გაუქმებითა და მისი ფუნქციების საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემით განხორციელდა.

„თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მას რეალური საფუძველი ექნება. ალბათ, მომავალი მოწვევის პარლამენტი იმსჯელებს იმის თაობაზე, მომავალ პარლამენტში კომიტეტების კონფიგურაცია როგორი უნდა იყოს. დიასპორაზე ზრუნვა საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება ხდება, რაც კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარეობს. ეს ჩვენი მოწვევის პარლამენტის დამსახურებაა და გარკვეულწილად, ბევრ ჩვენგანს პერსონალური წვლილიც მიგვიძღვის იმაში, რომ ასეთი ჩანაწერი გაკეთდა, მაგრამ ამ საქმეს გაგრძელება სჭირდება ისევე, როგორც დიასპორასთან პოლიტიკის წარმოებას სჭირდება განსაკუთრებული სახელმწიფო ზედამხედველობა. დიასპორების საჭიროებას ვხედავთ და ამაზე ყველაზე ლაპარაკობს“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ თუკი უახლოეს სამ წელიწადში სახელმწიფოს დიასპორული პოლიტიკა წარმატებულად განვითარდება, მომავალში სხვა ტრანსფორმაციაზე ფიქრი შესაძლებელია, მაგრამ ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს.

„ეს მხოლოდ იმის გამო არ უნდა კეთდებოდეს, რომ რაღაც ბიუროკრატიული ფორმატები რაც შეიძლება ფორმალურად შევზღუდოთ. თუკი საქმე კეთდება, კომიტეტი უნდა დარჩეს, თუკი სამომავლოდ ამას საქმე არ მოითხოვს, მაშინ შეიძლება კომიტეტი ტრანსფორმირებული იყოს. შეიძლება არა მხოლოდ ეს კომიტეტი, არამედ სხვა კომიტეტებიც გაერთიანდეს. ჩვენს მსგავს ქვეყნებს, რომლებსაც ამხელა დიასპორა გააჩნიათ, საკანონმდებლო ორგანოში თავიანთი ხმებისა და ინტერესების დამცველი კომიტეტი სჭირდებათ“, – დასძინა კვაჭანტირაძემ.

პირველი არხის ინფორმაციით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელება იგეგმება, რომლის მიხედვით, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შესაძლოა, რამდენიმე კომიტეტი გაერთიანდეს. კერძოდ, შესაძლოა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი გაერთიანდეს, ხოლო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი შეუერთდეს.