ზვიად კვაჭანტირაძე თამარ ჩუგოშვილს მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მისი და ეკა ბესელიას მივლინება უზრუნველყოს
ზვიად კვაჭანტირაძე თამარ ჩუგოშვილს მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მისი და ეკა ბესელიას მივლინება უზრუნველყოს

დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, თამარ ჩუგოშვილს მოუწოდებს, ასამბლეაში მისი და ეკა ბესელიას მივლინება უზრუნველყოს.

როგორც ჟურნალისტებს კვაჭანტირაძემ განუცხადა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ პასკიესგან წერილი მიიღეს, რითაც დასტურდება, რომ დელეგაციის საკითხზე გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, კანონიერი არ არის.

მისი თქმით, პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ახალი შემადგენლობის ფორმირება იანვრამდე არ უნდა ეჩქარა, მით უმეტეს, რომ იანვარში შესაძლებელია, დელეგაციის შემადგენლობა მთლიანად შეიცვალოს.

„წერილში წერია, რომ პასკიეს ამ თემაზე საუბრები თამარ ჩუგოშვილთან ჰქონდა. წერილში პირდაპირ წერია – „როგორც ვხვდები, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობიდან თქვენი კანდიდატურები არ იქნება ამოღებული ახალი წლის დაწყებამდე”. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მოლაპარაკება მათ შორის შედგა. რაც შეეხება დელეგაციის წევრების მივლინების დაფინანსების საკითხს, პასკიეს წერილში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტები ვალდებული არიან, ასამბლეაში თავიანთი წარმომადგენლობების ხარჯები აანაზღაურონ. სამწუხაროდ, პარლამენტში თავზე ხელაღებული წესია დამკვიდრებული, სადაც უგულებელყოფილია დამოუკიდებელი დეპუტატების უფლებები. არანაირი დასაბუთება არ ყოფილა და პასუხი არ მიმიღია დაფინანსების თაობაზე. ჩუგოშვილს მივწერე, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარეს დელეგაციის ოთხი წევრის დაფინანსება შესთავაზა”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლის გამო, საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა თავიდან გადანაწილდა. ზვიად კვაჭანტირაძე და ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის წევრები იანვრამდე იქნებიან, რომელთაც შემდეგ არჩილ თალაკვაძე და სოფო კილაძე ჩაანაცვლებენ.

დატოვე კომენტარი