ზვიად კვაჭანტირაძე - ამერიკელი კონგრესმენების წერილის მსგავსი სიმკაცრე, რაც პოლიტიკაში ვარ, არ მახსოვს
ზვიად კვაჭანტირაძე - ამერიკელი კონგრესმენების წერილის მსგავსი სიმკაცრე, რაც პოლიტიკაში ვარ, არ მახსოვს

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ასეთი გამოხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მსგავსი სიმკაცრის, მსგავსი ხასიათის და ტონალობის წერილი, მე რაც პოლიტიკაში ვარ, სხვა არ მახსოვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, რომელიც ამერიკელი კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს. წერილს, რომელიც 13 დეკემბრითაა დათარიღებული, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ადამ კინზინგერი და ჯერალდ ქონელი აწერენ ხელს. „ჩვენ დღეს გწერთ მზარდი შეშფოთებით, რაც უკავშირდება დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და მიიღებენ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტს. ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც იქნება სახალხო და იმუშავებს ხალხისთვის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის დაკავშირებული დასავლეთთან და ისინი ისწრაფვიან ნატო-სა და ევროკავშირისკენ. სწორედ ამიტომ გავიდა ამდენი ხალხი ქუჩაში, რათა შეშფოთება გამოეხატა, მათ კი მოძალადე ავაზაკები დახვდნენ“, – აღნიშნულია წერილში.

დეპუტატის თქმით, ეს არის ის ხედვა, რომელიც კონგრესში საქართველოდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე დარჩათ.

„შეიძლება, ამ წერილში ზოგიერთი რამ ზედმეტად იყოს გადაფასებული უარყოფითი თვალსაზრისით, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრების მიერ გამოთქმული კრიტიკა უნდა მოვისმინოთ.

ამ წერილის მთავარი მოტივი იყო შეცდომების ის გაუთავებელი ჯაჭვი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უშვებს. ვფიქრობ, წერილში სიტყვა „ავაზაკი“ იმ კონტექსტში იყო გამოყენებული, რომ იგი მიმართული იყო იმ კონკრეტული სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული ძალის გადამეტებისთვის, რასაც მოჭარბებულად ჰქონდა ადგილი 20 ივნისის ღამეს“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.