ზვიად კვაჭანტირაძე - გამოჩნდა ერთმნიშვნელოვნად,  რომ „ქართულ ოცნებას” მყარი უმრავლესობა პარლამენტში არ აქვს
ზვიად კვაჭანტირაძე - გამოჩნდა ერთმნიშვნელოვნად,  რომ „ქართულ ოცნებას” მყარი უმრავლესობა პარლამენტში არ აქვს

გამოჩნდა ერთმნიშვნელოვნად,  რომ „ქართულ ოცნებას” მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრა, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომელიც დღეს  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა.

„არა მარტო ეს საკითხი, რომელიც მე მიკავშირდებოდა, არამედ არის სხვა საკითხებიც, სადაც „ქართულ ოცნებას” უკვე დაკარგული აქვს უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ ეს უფსკრული, რომელიც ჩნდება „ქართული ოცნების” წევრებს და მის მმართველ გუნდს შორის, გაღრმავდება, იმიტომ რომ ეს არის შედეგი მმართველობის იმ სტილის, რომელიც გააჩნია „ქართული ოცნების” მმართველ გუნდს ბოლო პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

დეპუტატი მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისას ტექნიკურ ხარვეზზსაც გამოეხმაურა.

„დარწმუნებული ვარ შეეშალა ორ ადამიანს: ბატონ რატი იონათამიშვილს და ბატონ ზურაბიანს. ემოციურად იყვნენ განწყობილნი, რომ ჩემს საწინააღმდეგოდ უნდა გადაედგათ ნაბიჯი და ამიტომ ჩათვალეს, რომ წითელზე უნდა მიეჭირათ ხელი, მაგრამ რეალურად ეს იყო თანხმობა გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებაზე, რაზეც უნდა მიეჭირათ ხელი მწვანე ღილაკზე. დანარჩენებს რაც შეეხება, ლაპარაკი ზედმეტია; არ მინდოდა ეს ადამიანები ჩამეყენებინა ორმაგი სტრესის და დაძაბულობის პირობებში და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, როდესაც აბსოლუტურად უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა კობახიძემ, პრაქტიკულად ხელები გადაუგრიხა „ქართული ოცნების” წევრებს.
ოდიშარიამ დღეს ჩემს საწინააღმდეგოდ მონაწილეობა არ მიიღო და ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადადგა,”- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე დღეს პირველი კენჭისყრისას ვერ გადააყენეს. კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც იყვნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნული საკითხი ტექნიკურ პრობლემას დაუკავშირეს და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გადაწყვიტეს, თუმცა გადადგომის შესახებ განცხადება კვაჭანტირაძემ თავად გააკეთა.