ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს
ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს.
საკითხზე კენჭყისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა.

ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა. კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხს რამდენიმე კვირაში მიუბრუნდებიან.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე მსჯელობისას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება პოლიტიკური საკითხია და სამართლებრივი დასაბუთება არ სჭირდება.