ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის პლენარული სხდომის ბოიკოტირებით დაიმუქრა
ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის პლენარული სხდომის ბოიკოტირებით დაიმუქრა

​დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის პლენარული სხდომის ბოიკოტირებით დაიმუქრა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრსა და ცესკო-ს თავმჯდომარეს ინტერპელაციის წესით უნდა მოუსმინონ, ზვიად კვაჭანტირაძემ დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის გამოყოფილი დრო გააპროტესტა და აღნიშნა, რომ პარლამენტის ბიურომ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო.

წუთნახევარი, რომელიც დიკსრიმინაციულად გამოგვეყო პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებს, ჩემთვის მიუღებელია. მოგიწოდებთ, შეცვალოთ გადაწყვეტილება, თორემ პროტესტის ნიშნად პლენარულ სხდომას დავტოვებ, ჩემს კოლეგებსაც ამისკენ მოვუწოდებ. კოლეგებო, ამით რომ არაფერი დაგაკლდებათ, ეს ცინიზმია და ვნახავ, ცოტა ხანში ცინიზმის ხასიათზე ვინ დადგება“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

პარლამენტის პლენარული სხდომის წამყვანმა, პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი დადგენილი პროცედურებისა და წესების გარეშე ვერ იმუშავებს.

„ყველამ კარგად იცით, რომ პარლამენტი დადგენილი პროცედურების  და წესების გარეშე ვერ იმუშავებს. ეს წესები გვჭირდება, რათა პარლამენტის საქმიანობას ორგანიზებული ფორმა ჰქონდეს. კანონიდან რომ გადავაგდოთ დღევანდელი დღე, რომელიც ინტერპელაციას ეძღვნება და თავისუფალი პოლიტიკური დებატები გავმართოთ, ძალიან კარგად გესმით, რომ ეს სწორი არ იქნება პარლამენტის საქმიანობისთვის”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.