ზვიად ძიძიგური - თუკი მოხსნილი იქნება სამპროცენტიანი ბარიერის თემა, გარკვეული პარტიები იმ ლოკომოტივს ჩამოშორდებიან, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხელ სააკაშვილი ჰქვია
მშვიდ ვითარებაში ჩატარებული არჩევნები არის ქვეყნისთვის სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზვიად ძიძიგურის თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნო სიტუაციის დამშვიდებას ნებისმიერი პოზიტიური ნაბიჯი წაადგება. ამასთან, ზვიად ძიძიგური საარჩევნო მოდელზე საუბრისას აცხადებს, რომ 100/50 არის არსებულ საარჩევნო მოდელზე უკეთესი, თუმცა საჭიროა სამპროცენტიანი ბარიერის მოხსნაც.
„100/50 არის გაცილებით უარესი, ვიდრე იყო შეთავაზებული, მაგრამ ეს არის არსებულზე უკეთესი, რადგან არის უფრო მეტი პროპორციული შემადგენლის წილი. თუკი ბარიერთან დაკავშირებითაც მოხსნილი იქნება სამპროცენტიანი ბარიერის თემა, ასეთ შემთვევაში პატარა პარტიებისთვის იქნება სავსებით რეალური, რომ მათ გადალახონ ეს ბარიერი საკუთარი ძალებით, საკუთარი რესურსებით. ეს გარკვეული პარტიების იმ ლოკომოტივიდან ჩამოშორებას გამოიწვევს, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხელ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ იმიტომ არის ეს ოპოზიციური ერთობა შეკრებილი, იმიტომ ჩადიან უკრაინაში და იმიტომ ხდება მასთან რაღაცა მომავალი პოლიტიკური ცხოვრების ვარიანტების განხილვა, რომ ფაქტიურად სხვა შანსი პატარა პარტიებს არ აქვთ, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოხვდნენ და რაიმე ტიპის პოლიტიკურ ბერკეტს დაეუფლონ.
აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პოზიტიური გადადგმული ნაბიჯი წაადგება ქვეყნის წინასაარჩევნო სიტუაციის დამშვიდებას. მშვიდ ვითარებაში ჩატარებული არჩევნები არის შემდგომში სტაბილური განვითარების შესაძლებლობა ქვეყნისთვის“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.