ზვიად ძიძიგური - სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების ჩაძირვისკენ დგამს ნაბიჯს, რადგან დაბრუნებაზე ხშირად საუბრით, საფრთხე, მგელი მოდის, ისევ აქტუალური ხდება
ზვიად ძიძიგური - სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების ჩაძირვისკენ დგამს ნაბიჯს, რადგან დაბრუნებაზე ხშირად საუბრით, საფრთხე, მგელი მოდის, ისევ აქტუალური ხდება

„მე ვბრუნდები“- ძალიან ზოგადი ფრაზა თქვა მიხეილ სააკაშვილმა, აქ პოლიტიკური ეშმაკობაა ჩადებული, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სააკაშვილი არჩევნების წინ ჩამოვა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილს შემდეგ ექნება თავის გასამართლებელი, რომ ეს არ უგულისხმია.

ზვიად ძიძიგურის შეფასებით, რეალურად, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას არ განიხილავს.

„თუ დავაკვირდებით, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება ასეთი მესიჯი იყო: მე ვბრუნდები. ძალიან ზოგადი ფრაზა თქვა მიხეილ სააკაშვილმა, აქ პოლიტიკური ეშმაკობაა ჩადებული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის ახლა, არჩევნების წინ ჩამოვა ფიზიკურად საქართველოში, მინდა, გითხრათ, რომ ამ ფრაზით მას შეუძლია, თავი გაიმართლოს, მე ეს არ მიგულისხმია.

მე ვბრუნდები – ამ ფრაზაში და საერთოდ, სააკაშვილის დაბრუნების თემა, მაგალითად, 2016 წელს იყო ძალიან აქტუალური, რადგან რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა საჯარო სივრცეში მუდმივად დებატები, მუდმივად საუბარი, რომ სააკაშვილი ფიზიკურად ჩამოვიდოდა საქართველოში. მისი მეუღლე, მაგალითად, სანდრა რულოვსი ამბობდა, რომ ის ან ზღვით ან ჰაერით, ანუ იქედან და იქედანაც თუ არ შემოვიდა, ასეთ შემთხვევაში გვირაბის საშუალებით შემოვა საქართველოში.

კარგად მახსოვს მისი გაკეთებული ასეთი განცხადებები. აჭარაში საზღვართან იყო მობილიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების და სრული იმიტაცია შეიქმნა იმისი, რომ მიხეილ სააკაშვილი შემოვიდოდა საქართველოში, მაგრამ თქვენ არაფერი გეტკინოთ, ვიდრე ეს ამბავი რეალობაში არ ახდა და ახლაც, 2020 წლის არჩევნების წინ, ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ეშმაკობა, ის ფიზიკურად საქართველოში დაბრუნებას არ განიხილავს და ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ აწიოს ტემპერატურა მაღლა. ამ ტემპერატურის აწევის შედეგად, მან მოახერხოს მაქსიმალური მობილიზება ყველა ოპოზიციური ხმის, დავუშვათ რაც კი არის საქართველოში, პრაქტიკულად, ის სხვა ოპოზიციური პარტიების ჩაძირვის მიმართულებით დგამს ნაბიჯს, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს და არა „ქართული ოცნების“ მიმართულებით, რადგან „ქართულ ოცნებას“ ასეთი ტიპის განცხადებებით პრობლემას ვერ შეუქმნის. პირიქით, „ქართულ ოცნებას“ ის მიეხმარება, რომ მან მაქსიმალურად გააკეთოს თავისი ამომრჩევლის მობილიზაცია, რადგან ეს საფრთხე, მგელი მოდის, მგელი მოდის ისევ აქტუალური xdeba, თუკი სააკაშვილი იმეორებს ხშირ-ხშირად, რომ ბრუნდება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, აღნიშნავს, რომ მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა დაფიქრებისთვის და ახლა იცის, უკეთესად როგორ ემსახუროს საქართველოს. განცხადებას სააკაშვილი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მე დავბრუნდები“.