ზვიად ძიძიგური - ყველა პარტია, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოვა, მთავრობას დააკომპლექტებს ან პრემიერი გახდება, დაელოდოს 31 ოქტომბერს, ხალხს რა აზრი აქვს
ზვიად ძიძიგური - ყველა პარტია, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოვა, მთავრობას დააკომპლექტებს ან პრემიერი გახდება, დაელოდოს 31 ოქტომბერს, ხალხს რა აზრი აქვს

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის, ზვიად ძიძიგურის თქმით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა საარჩევნო ვითარების ისევ ორპოლუსიან რეჟიმში გადაყვანას.

მისივე თქმით, ორპოლუსიანი არჩევნები აღარ შედგება, ვინაიდან საქართველოში დღეს პრაქტიკულად პროპორციული სისტემა მოქმედებს.

„98 პროცენტი აიღო 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს იყო ტიპური ორპოლუსიანი არჩევნები. ასეთივე არჩევნები იყო 2016 წელს, მაგრამ რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, რამდენიც უნდა სცადოს მიხეილ სააკაშვილმა, თუ გნებავთ „ქართულმა ოცნებამაც“ ორპოლუსიანი არჩევნები არ გამოვა, ვინაიდან საქართველოში დღეს პრაქტიკულად თითქმის პროპორციული არჩევნებია“, – განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხება დაბრუნებასა და პრემიერობასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას, ძიძიგური ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის ბრუნდება, ჩამოდის, პრემიერ-მინისტრობას აპირებს და ასე შემდეგ, ყველა პარტია, რომელიც აცხადებს, რომ თვითონ პრემიერ-მინისტრი გახდება, ხელისუფლებაში მოვა ან მთავრობას თვითონ დააკომპლექტებს და ა.შ. ჯერ მარტივად გადაწყვიტოს, ქართველ ხალხს რა მოსაზრება აქვს, დაელოდოს 31 ოქტომბერს, ამას წყვეტს ქართველი ხალხი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგურის განმარტებით, სამართლებრივად მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს, თუმცა დასჯის მექანიზმიც არ არსებობს.

„იურიდიულად და სამართლებრივად არ აქვს უფლება, მაგრამ ამ უფლების არქონას მისთვის ხელი არ შეუშლია, ბოლო 7 წლის განმავლობაში, 2013 წლიდან აქტიურად იყოს ჩართული ქართულ პოლიტიკაში. სულ ერთვება, ისედაც მისჯილი აქვს და ამისთვის სახელმწიფოს რა სამართლებრივი მექანიზმები გააჩნია, რომ აქ იმოქმედოს? არავითარი. ამიტომ არის ისეთი ვითარება, როდესაც არ აქვს უფლება, მაგრამ დასჯის მექანიზმიც არ არსებობს. ეს არის კანონმდებლობის ხარვეზი, რომელიც უნდა გამოსწორდეს. მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობს იმ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, რომლის მოქალაქეობაზეც სასწრაფოდ თქვა უარი როგორც კი უკრაინაში წავიდა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პრემიერობის საკითხზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა. მას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.