ზვიად ძიძიგური მთავრობას ახალგაზრდების სპორტული აქტივობებისთვის ვაუჩერიზაციის პროგრამას სთავაზობს
ზვიად ძიძიგური მთავრობას ახალგაზრდების სპორტული აქტივობებისთვის ვაუჩერიზაციის პროგრამას სთავაზობს

საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურა გამართული არ არის, ამიტომ მთავრობას ვთავაზობთ, 13-17 წლის ასაკის მოზარდებისათვის სრული ვაუჩერიზაცია განხორციელდეს, – ამის შესახებ პარტია „კონსერვატორების“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ნარკოდამოკიდებულების თემა საგანგაშოა და ამ პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით ვერ მოხდება, რაღაც ალტერნატივაა საჭირო.

„მინდა ამ მიკროფონით ვისარგებლო და მივმართო საქათველოს მთავრობას, რომელმაც უნდა შემოიტანოს ბიუჯეტის პროექტი სექტემბრის თვეში. ბიუჯეტის პროექტში კონსერვატორებს გვაქვს რამდენიმე შეთავაზება, ამ შეთავაზებიდან პირველი გულისხმობს შემდეგ საკითხს-ვიცით, რომ საქართველოში ნარკოდამოკიდებულების თემა არის კატასტროფულად საგანგაშო, ძალიან შემაშფოთებელი, განსაკუთრებით მოზარდებში ხდება ეს ამბავი და ვფიქრობ, ხელისუფლებამ ამას პასუხი უნდა გასცეს. მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით ამ პრობლემას არ ეშველება, საჭიროა, შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას რაღაც ალტერნატივა. საქართველო არ არის მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში, ჩვენ შევისწავლეთ ეს თემა და ვნახეთ, რომ ისლანდიაში ჩრდილოეთში და ესპანეთში უფრო სამხრეთით, ორ ქვეყანაში სახელმწიფომ გამოიყენა პროგრამა, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ ასე-სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად, რაც გულისხმობდა იმას,რომ ვაუჩერიზაცია მოხდა მოსახლეობის და ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა საცურაო აუზებში, სპორტულ დარბაზებში, სათამაშო მოედნებზე დატვირთულიყვნენ. ამან მოიტანა ძალიან სერიოზული და კარგი შედეგი და ჩვენ იგივე წინადადებით გამოვდივართ, ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას ბიუჯეტის ახალ პროექტში გაითვალისწინოს ეს მიმართულება და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურა გამართული არ არის, პირველ ეტაპზე კონსერვატორები ვთავაზობთ, რომ 13-17 წლის ასაკის მოზარდებისათვის, რომლებიც ყველაზე მიწყვლადი ჯგუფი არიან, განხორციელდეს სრული ვაუჩერიზაცია. ეს არის 250 ათასი ბავშვი და მოზარდი. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან პოზიტიურ შედეგს მოიტანს საქართველოსთვის“, – განაცხადა ძიძიგურმა.