ზურაბ ალავიძე - სამთავრობო პროგრამა მიმართულია იქითკენ, რომ რეგიონებში განათლებამიღებული ახალგაზრდები ჩავიდნენ და ადგილზე განვითარდნენ
ზურაბ ალავიძე - სამთავრობო პროგრამა მიმართულია იქითკენ, რომ რეგიონებში განათლებამიღებული ახალგაზრდები ჩავიდნენ და ადგილზე განვითარდნენ

ყველა ქმედება, რომელსაც სამთავრობო პროგრამა ითვალისწინებს და რომელსაც მთავრობა ახორციელებს, სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ რეგიონები წამოიწიოს, იქ განათლებამიღებული ახალგაზრდები ჩავიდნენ და ჰქონდეთ სურვილი, პოლიტიკურად თუ ბიზნესის კუთხით ადგილზე გაიზარდონ, – განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„გზებსა და კომუნიკაციების ინფრასტრუქტურას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, ხაშურში იცხოვროს და თბილისში უსაფრთხო გზით, გამართული ტრანსპორტით სამსახურში ყოველდღე იაროს. ამისთვის მას თბილისში ბინის ყიდვა ან ქირაობა არ უნდა სჭირდებოდეს. ანუ, სოციალური მობილობა უნდა გავზარდოთ“, – განაცხადა ალავიძემ.

მისი თქმით, რეგიონებში, მათ შორის თბილისის გარშემო, რამდენიმე მიზიდულობის ცენტრი იქმნება, სადაც ტურისტები ჩადიან და ორი საათის განმავლობაში ყველა საინტერესო ადგილას ხვდებიან.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა აიწიოს ცხოვრების დონემ ეკონომიკური თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაში მყოფ რეგიონებში, სადაც ვითარების გამოსწორების საშუალებას არსებული რესურსი არ იძლევა, მინისტრმა აღნიშნა, რომ პრობლემები და გამოწვევები ბევრია, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რაც მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკმაოდ საინტერესო და კარგი პროგრამა შეიმუშავა. მათთან ერთად ჩვენც ვიმუშავეთ. ეს პროგრამა წელს იწყება და მომავალ წელს და იმის შემდეგაც გაგრძელდება. თანხები გამოყოფილია. მცირემიწიან რეგიონებში არსებობს საკმაოდ საინტერესო პროგრამა კენკროვანი კულტურების მოყვანის, დაბინავების, დისტრიბუციისა და ა.შ.“, – განაცხადა ალავიძემ. 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის რამდენიმე ათეული კოოპერატივი გაკეთდა, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მასში ჩართულია როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე მუნიციპალიტეტები.

„კოორდინაციას ჩვენც ვუწევთ და ვცდილობთ, წინ სწრაფად წავიდეთ, რათა საქართველომ ხორცსა და რძეზე თავისი მოთხოვნა მალე დააკმაყოფილოს“, – განაცხადა ალავიძემ.

როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება, ძირითადად, რეგიონებში იქნება.

„ამით გვექნება საშუალება, რეგიონებში დამატებითი სამუშაო ადგილები შევქმნათ. თითო პროექტს დაახლოებით 400–დან 600–მდე ახალი სამუშაო ადგილი მოაქვს და ასეთი ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. ამავდროულად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად, რეგიონებში საკმაოდ აქტიურად ვითარდება ტურიზმი და ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.