„მუნიციპალური განვითარების ფონდი“ თელავში, სოფელ ველისციხესა და მესტიაში რეაბილიტაციის პროექტებს განახორციელებს
„მუნიციპალური განვითარების ფონდი“ თელავში, სოფელ ველისციხესა და მესტიაში რეაბილიტაციის პროექტებს განახორციელებს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.

როგორც სხდომის შემდეგ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა,  დაგეგმილია ქალაქ თელავის ცენტრის რეაბილიტაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაცია და ა.შ.

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ძირითადი ნაწილი დაეთმო რეგიონულ განვითარებას. მხოლოდ რამდენიმე პროექტზე ვისაუბრებ, რომელთა განხორციელებასაც იწყებს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“. ეს არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახორციელებელი პროექტები. დაპროექტება ძალიან მალე იწყება. ეს პროექტებია – ქალაქ თელავის ცენტრის რეაბილიტაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაცია, შემდეგი არის მესტიის მუნიციპალიტეტის ლაღამის უბნის და უშგულის ადმინისტრაციული ერთეულის კოშკების რეაბილიტაციის პროექტირება. ქალაქ ზუგდიდის ცენტრის და ცენტრალური ბულვარის პროექტირება. ამას ემატება რამდენიმე მნიშვნელოვანი რაიონული გზის რეაბილიტაციის პროექტირება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხე-ჭერემის გზების რეაბილიტაცია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, პროექტირების თანხები 4 მილიონ 130 ათასი ლარია. პროექტების ღირებულება კი, პროექტირების დასრულების შემდეგ განისაზღვრება.