მაია ცქიტიშვილი - გამიზნული გვაქვს, უზრუნველვყოთ ინკლუზიური ზრდა, რაც მუნიციპალიტეტებში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას გულისხმობს
მაია ცქიტიშვილი - გამიზნული გვაქვს, უზრუნველვყოთ ინკლუზიური ზრდა, რაც მუნიციპალიტეტებში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას გულისხმობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქცენტს ე.წ. ინკლუზიურ ზრდაზე აკეთებს, რაც მუნიციპალიტეტებში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას გულისხმობს, აღნიშნული ცენტრები კი, რეგიონში ახალი ტურისტული სივრცის წარმოქმნას და საოჯახო ბიზნესის წახალისებას შეუწყობს ხელს, –  ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში სამინისტროს მიმდინარე წლის ექვსი თვის შედეგები მიმოიხილეს.

მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ სამინისტრო პროექტებს ახორციელებს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგების სისტემების მიმართულებით. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებით სახელმწიფო ხელს უწყობს ე.წ. ინკლუზიურ განვითარებას, რაც რეგიონში ბიზნესისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და ხელშეწყობას გულისხმობს.

„ერთია, როცა ქვეყანაში ხდება ზოგადად ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის მაგისტრალური გზებისაც, რაც საშუალებას გვაძლევს, ტურისტი ადგილზე მოვახვედროთ არა ოთხ ან რვა საათში, არამედ ბევრად ნაკლებ დროში, ეს ზრდის ვიზიტორთა რაოდენობას სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ როცა ვსაუბრობთ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე, მაგალითად, შარშან კობი-გუდაურის საბაგირო გზა დავასრულეთ, რომელიც ახალ სივრცეს ქმნის. პრაქტიკულად კობის განვითარების შესაძლებლობა გაჩნდა, ახალი სივრცე, რომელიც მანამდე ტურისტული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო იყო.

გვაქვს მცირე პროექტებიც, მაგალითად, ბაკურიანში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი პარკინგები, ვიზიტორთა ცენტრები. ტურისტულ ძეგლებთანაც, მაგალითად, ნიკორწმინდაში მალე დასრულდება მცირე ცენტრის მოწყობა. მცირე მაღაზია გაჩნდება და სხვა“, – განმარტა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს მიერ განხორცილებული პროექტების საბიუჯეტო დიაპაზონი საკმაოდ ფართოა.

„პროექტების დიაპაზონი ძალიან ფართოა, დაწყებული 10 ათას ლარიანი პროექტებიდან დასრულებული მილიარდიანი ღირებულების პროექტებით. მაგალითად, კობის მსგავსი პროექტები რეგიონებში ძალიან ბევრია. გარდა ამისა, ჩვენ გამიზნული გვაქვს ინკლუზიური ზრდა უზრუნველვყოთ. ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში, არა მხოლოდ ეკონომიკურ ცენტრებში, არამედ მუნიციპალიტეტებში ახალი მიზიდულობის წერტილები შეიქმნას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, იქ ტურისტი ჩავიდეს და შესაბამისად, გაჩნდეს თუნდაც მცირე საოჯახო ბიზნესი. მაგალითად, ონში დავაანონსეთ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შექმნა, რომელიც ეროვნული მუზეუმების ქსელის ნაწილი გახდება. დარწმუნებული ვარ, ონში უშუალოდ ამის გამოც ჩავა ტურისტი. ამ ეტაპზე, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი მშენებლობისთვის ანუ საპროექტო დოკუმენტაცია შესრულებულია და სამუშაოების დაწყებას უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. ასევე დაანონსებული გვაქვს მესტიაში ახალი ლაღამის უბნის რეაბილიტაცია. ეს არის შესაძლებლობა არა მარტო მსხვილი და დიდი ბიზნესისთვის, რომელსაც მესტიაში ტურისტების მზარდი ნაკადი ეყოლება, არამედ ასეთი ტიპის პროექტები ადგილობრივ მოსახლეობას, მცირე საოჯახო სასტუმროს, პატარა მაღაზიის გახსნის საშუალებას აძლევს, რაც ინკლუზიურ ზრდას შეუწყობს ხელს“ , – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, რეგიონის განვითარების კუთხით, მისი უწყების პოლიტიკა შეჯერებულია სხვადასხვა უწყების პოლიტიკასთან და მუდმივად მიმდინარეობს თანამშრომლობა „აწარმოე საქართველოს“ პროექტთან, რომელიც საგრანტო კომპონენტსაც მოიცავს.

„ჩვენ ვართ მთავრობის წვერი და ეს პოლიტიკაც შეჯერებულია სხვადასხვა უწყებასთან. როცა ვსაუბრობთ რეგიონების ასეთი ტიპის განვითარებაზე ორიენტირებულ მცირე პროექტებზე, ყოველთვის ვთანამშრომლობთ და გვახსოვს, რომ გვაქვს „აწარმოე საქართველოს“ კომპონენტი თუნდაც იმ საოჯახო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგრანტო კომპონენტიც“, – განმარტა მინისტრმა „ბიზნესპარტნიორში“.

ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება იქ ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიზნესთან თანამშრომლობის კუთხით ბევრი რამ დახვეწა, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების დროს ტენდერის გამოცხადების პირობები.

„მინდა, აღვნიშნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს როლი ბიზნესთან ურთიერთობაში და განვითარებაში. ამა თუ იმ რეგიონის ინფრასტრუქტურულ განვითარებას შემდგომში მოჰყვება ცოტა უფრო მსხვილი ინვესტიციები თუნდაც სასტუმრო სექტორში ან წარმოებებში. ჩვენ გვაქვს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საჯარო-კერძო პარტნიორობისთვის გათვლილი პროექტები, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია, მივიყვანოთ ინფრასტრუქტურა უკვე არსებულ ბიზნესთან, მათ შორის წარმოებასთან ან სასტუმროსთან. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია მთლიანობაში სამშენებლო ბიზნესთან, კომპანიებთან, რომლის ძირითადი ბიზნესი არის მშენებლობა, პროექტირება და მთელ ამ ციკლთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. აქაც ძალიან ბევრი ცვლილება განვახორციელეთ ამ ერთი წლის განმავლობაში. კერძოდ, ბევრად უფრო გავხსენით შესყიდვები და კონკურენციას შევუწყვეთ ხელი. ერთგვარი სტანდარტები დავამკვიდრეთ, რომელიც ყველასთვის ერთია“, – განცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი შეფასებით, მსგავსი სახის კომუნიკაცია, როდესაც წინასწარ ხდება ბიზნესის ინფორმირება დაგეგმილ პროექტებზე, მათ საკუთარი გეგმების დასახვის საშუალებას აძლევს.

დატოვე კომენტარი