ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ცვანეს დიხაგუძუბაზე არქეოლოგები მუშაობენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ცვანეს დიხაგუძუბაზე არქეოლოგები მუშაობენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცვანეს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დიხაგუძუბაზე, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ცვანეს დიხაგუძუბის სახელითაა ცნობილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საველე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას აწარმოებს.

საველე არქეოლოგიური სამუშაოები ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ დაათვალიერა.

მიმდინარე კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ცვანეს დიხაგუძუბაზე ცხოვრება ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასაწყისიდან (ძვ. წელთაღრიცხვით მეოცე-მეჩვიდმეტე საუკუნეები) ელინისტური ხანის ადრეული პერიოდის ჩათვლით გრძელდებოდა (ძვ. წელთაღრიცხვით მეოთხე-მესამე საუკუნე).

ძეგლი სავარაუდოდ საკულტო-სარიტუალო დანიშნულების იყო და უძველეს სამლოცველოს წარმოადგენს.
გამოვლენილი არტეფაქტები ძირითადად წარმოდგენილია ძელურ–ბათქაშიანი ნაგებობის ნანგრევებით, სხვადასხვა პერიოდისათვის დამახასიათებელი კერამიკული და ლითონის ნაწარმით. კულტურული ფენები ასევე შეიცავს ნაცარს, ნახშირს, ერთ-ერთი კულტურული ფენა დევს მკვრივ თიხატკეპნილ იატაკზე, რომელიც თავის მხრივ ფარავს ხის ძელებისაგან გამართულ სუბსტრაქციას.

ცვანეს დიხაგუძუბა წარმოადგენს უნიკალურ, ძეგლს, სადაც თითქმის უწყვეტად წარმოდგენილია შუაბრინჯაოს, გვიანბრინჯაოს, ადრეანტიკური და ელინისტური პერიოდების კოლხეთის ისტორიის ამსახველი არტეფაქტები.