სამშვილდეში არქეოლოგებმა მეფე გიორგი III-ის, ლაშა-გიორგისა და თამარ მეფის მონეტები აღმოაჩინეს [ფოტო]
სამშვილდეში არქეოლოგებმა მეფე გიორგი III-ის, ლაშა-გიორგისა და თამარ მეფის მონეტები აღმოაჩინეს [ფოტო]

არქეოლოგებმა სამშვილდის ციტადელში კულტურული ფენები და არქიტექტურული ნაგებობის ნაშთები გამოავლინეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი სათავსოს იატაკის დონეზე ექსპედიციის წევრებმა ხის ყუთში დაგროვებული მონეტები აღმოაჩინეს. გათხრების შედეგად გამოვლენილ განძს არქეოლოგები დიდი ალბათობით განვითარებულ შუა საუკუნეებს (სავარაუდოდ XII-XIII სს.) მიაკუთვნებენ. განძში მეფე გიორგი III-ისა და მეფე ლაშა-გიორგის მონეტებთან ერთად თამარ მეფის მონეტაც აღმოჩნდა წარწერით – „დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი“.

განძში მონეტების გარდა არის ზოდები და ფულადი ემისიისთვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტები, რაც  მათ სამშვილდის ნაქალაქარზე ზარაფხანის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური ექსპედიცია ცოტა ხნის წინ გაგრძელდა. ერთობლივი პროგრამის საფუძველზე წელს უკვე მეექვსე საველე არქეოლოგიური სეზონი მიმდინარეობს. ნაქალაქარზე სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესი 2013 წლიდან დაიწყო.