ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ
ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულ 50-მდე მეხანძრე-მაშველს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შეხვდა. პრემიერმა გაწეული სამუშაოსთვის მათ მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ პრემიერის უშუალო დაქვემდებარებაში ვართ და ყოველთვის ვგრძნობთ უშუალო მხარდაჭერას, რაც გამოიხატება მაგალითად ბიუჯეტის გაზრდაში. რეალურად, დღევანდელი შეხვედრაც იმას ემსახურებოდა, რომ თანადგომა ყოფილიყო გამოხატული. ჩვენ ასევე ჩართული ვიყავით, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესული თავიანთ სახლებში, რათა ნივთები გამოეტანათ.
რაც შეეხება ფულად ჯილდოებს, ეს სტანდარტი უკვე დამკვიდრებულია, რომ ყველა იმ მაშველს, რომელიც ჩვეულებრივზე საფრთხის შემცველ საქმეს შეასრულებს ან გამორჩეულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, ამას ყოველთვის ვაკეთებთ და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება”, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ახლა კორპუსის გამაგრებით სამუშაოებს უკვე შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, თუმცა თუ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარება საჭირო გახდება, ისინი ამისთვის მზად არიან.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში 15 ნოემბერს დილით მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მაშველები აფეთქების ადგილზე დედა-შვილს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში დაღუპულები იპოვეს.