ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გამაგრების სამუშაოები დაიწყო [ფოტო]
ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გამაგრების სამუშაოები დაიწყო [ფოტო]

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. მისი ინფორმაციითვე, მაშველები ტერიტორიას სამშენებლო ნაგვისგან დილიდან წმენდენ და აფეთქების შედეგად დაზიანებულ კედლებს ამაგრებენ.

მთელი ღამის განმავლობაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ​ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ადგილზე იმყოფებიან „ყაზტრანსგაზისა“ და GWP-ის წარმომადგენლები. როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ელოდებიან ექსპერტების ნებართვას, რომ შენობის სარდაფში ჩასვლა შეძლონ და სადარბაზოში ბუნებრივი აირი და წყალი ინდივიდუალურად გადაკეტონ.

ამ დროისთვის, წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს ოთხ სადარბაზოს. ექსპერტების ნებართვის შემდეგ გაზისა და წყლის მიწოდება იმ სადარბაზოშიც შეწყდება, სადაც აფეთქება მოხდა. ამის შემდეგ კი სხვა სადარბაზოებს შეზღუდვა მოეხსნება.

ადგილზე იმყოფება მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებმაც გუშინ საკუთარ ბინებში შესვლა და ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს. მათ იმედი აქვთ, რომ საკუთარი საცხოვრებლებიდან ტანსაცმლისა და პირველადი მოხმარების ნივთების გამოტანას შეძლებენ.

კორპუსთან დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. მათი თქმით, ბინიდან გარკვეული საბუთები აქვთ გამოსატანი.

ამასთან, 23-ე კორპუსში მცხოვრებლების განცხადებით, მოსახლეობის ნაწილი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეკრებას კორპუსის ეზოში 14:00 საათისთვის გეგმავს.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში 15 ნოემბერს დილით მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მაშველები აფეთქების ადგილზე დედა-შვილს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში ეძებდნენ.  ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში დაღუპულები იპოვეს.