ექიმის ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ექიმმა რეანიმატოლოგმა გიორგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტებს ინტენსიური მკურნალობა უტარდებათ.

„მათი მდგომარეობა რჩება მძიმე, თუმცა სტაბილური, გაუარესების გარეშე და უგრძელდებათ ინტენსიური თერაპია. სიმძიმე განპირობებულია სხეულის მძიმე თერმული დამწვრობით, მეორე-მესამე ხარისხითა და სასუნთქი გზების თერმოიზოლაციური დაზიანებით. პირველი პერიოდი იქნება მძიმე და საყურადღებო“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში 15 ნოემბერს დილით მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მაშველები აფეთქების ადგილზე დედა-შვილს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში ეძებდნენ.  ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში დაღუპულები იპოვეს.