ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გერმანიის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. რუსული მედიის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება უბრძანა.
გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ბერლინი იტოვებს უფლებას, მიიღოს ახალი ზომები, თუ მოსკოვი საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანგელა მერკელის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, დიპლომატიური ან სხვა სახის სანქციები დააწესოს, თუ გამოიკვეთა მტკიცებულება, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან საქმე სწორედ მოსკოვს აქვს.
40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიის დედაქალაქში აგვისტოში მოკლეს. რამდენიმე დღეში გერმანიის პოლიციამ რუსეთის 49 წლის მოქალაქე დააკავა. აგვისტოს ბოლოს გერმანული პრესა წერდა, რომ მკვლელობის უკან შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.