ზებედა რეხვიაშვილი - ერთი წელია, ფედერაციას და მწვრთნელებს ვთხოვთ, მასაჟისტი გვყავდეს, ის საჭირო იყო პარიზში, ეკატერინბურგში, გერმანიაში, მაგრამ არსად არ ყოფილა
ერთი წელია, ფედერაციას და მწვრთნელებს ვთხოვთ, მასაჟისტი გვყავდეს, ის საჭირო იყო პარიზში, ეკატერინბურგში, გერმანიაში, მაგრამ არსად არ ყოფილა, – ამის შესახებ ძიუდოს ნაკრების წევრმა, ზებედა რეხვიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ევროპის ჩემპიონატზე მასაჟისტი არ გვყავდა. როგორც მახსოვს, ის ბოლოს, მსოფლიო ჩემპიონატზე იყო, რის შემდეგაც თითქმის, ერთი წელიწადი გავიდა. ეს ადამიანი იხვეწებოდა, თქვენ გვერდით წამოვალ, არც სასტუმრო მინდა და არც არაფერი, თქვენს ოთახში სადმე დავიძინებ, უბრალოდ, წამიყვანეთო, მაგრამ ამაზეც უარი მიიღო“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
ნაკრების წევრმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო შეჯიბრზე, ზედაზენის თასზე საპრიზო ფონდი იყო დაწესებული, მაგრამ სპორტსმენებმა თანხა ვერ აიღეს.
„მათ საპრიზო ფონდი აუცილებლად უნდა აეღოთ, რადგან რეზულტატი ჩაეთვალათ. ძიუდოს ფედერაციას ამ ბიჭებისთვის კუთვნილი თანხა უნდა გადაეცა, მაგრამ მათ ეს თანხა დღემდე არ აუღიათ“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვის გულისხმობენ სპორტსმენები, როცა აცხადებენ, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის უკან კონკრეტული ადამიანი დგას, ზებედა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ ფაქტია, დავით ქევხიშვილის უკან ვიღაცები დგანან, მაგრამ მათი დასახელებისგან თავს შეიკავებს.
როგორც ზებედა რეხვიაშვილმა განაცხადა, ყრილობაზე არ განუხილავთ, თუ რა პრობლემები დგას ფედერაციაში.
„მათ განიხილეს, კარგი რა გააკეთეს. არავინ ამბობს, რომ კარგი არაფერი გაკეთებულა, მაგრამ იმაზეც უნდა მიდიოდეს საუბარი, ცუდი რა კეთდება. სამწუხაროდ, ყრილობაზე მათ ჩვენი კითხვების განხილვა იდეაშიც არ ჰქონიათ“, – განაცხადა ზებედა რეხვიაშვილმა.