შოთა ხაბარელი მიხეილ ყაველაშვილს სიცრუესა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
შოთა ხაბარელი მიხეილ ყაველაშვილს სიცრუესა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს მისი პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმე ძიუდოს ფედერაციასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხება. მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არ აღმოჩნდა ის დარღვევები, რაც ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის საფუძველი გახდებოდა. შოთა ხაბარელმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს სიცრუე და დეზინფორმაციაა.

პარლამენტის ტრიბუნიდან მიხეილ ყაველაშვილმა სპორტსმენებს საჭიდაო ხალიჩაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა და კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

„მინდა, მოვუწოდო ჩვენს სპორტსმენებს, რომ დაუბრუნდნენ საჭიდაო ხალიჩას, გააგრძელონ საქართველოს სახელით გამოსვლა და ნუ დააყენებენ თავს მთელი ქართული ძიუდოს სამყაროს საპირწონედ. ამისათვის, მეც და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კულტურისა და სპორტის მინისტრიც მზადა ვართ, კიდევ ერთხელ, ყველანაირად ვითანამშრომლოთ ორივე მხარესთან და მშვიდობიანად დავასრულოთ არსებული კონფლიქტი.

კომისიამ ორივე მხარეს მოუსმინა, დეტალურად შეისწავლა მათი არგუმენტები და ვერ აღმოაჩინა ის არგუმენტები, რომელიც შესაძლოა, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის საფუძველი გამხდარიყო“, განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ამ განცხადებას სიცრუე და დეზინფორმაცია უწოდა მისმა პირველმა მოადგილემ. შოთა ხაბარელის თქმით, კომისიამ დაასკვნა, რომ შეცდომა იყო ფინანსური მაქინაციები და მწვრთნელების გადაყენება.

„ზუსტად კომისიის დასკვნიდან გამომდინარე გუშინ მინისტრმა განაცხადა, რომ იყო დარღვევა ფინანსური მანიპულაცია. ასევე იყო შეცდომა მწვრთნელების შეცვლა. ამ დარბაზში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ერთი ყველაზე დიდი სიცრუე, საზოგადოებას ჩვენ ვაწვდით დეზინფორმაციას. მე მინდა ყველამ გაიგოს, ესენი არიან ჩვენი ერის შვილები, რომელთაც აქვთ ლეგიტიმური პროტესტი და ეს დადო კომისიამ. დღეს ამ დარბაზში მოვისმინეთ, რომ თურმე, დარღვევა არ ყოფილა. ეს ხომ არის დეზინფორმაცია, ეს სიცრუეა, ხალხო. ამ სიცრუეს როდის უნდა ეშველოს“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.