ავთანდილ ჭრიკიშვილი - სპორტსმენთა უკმაყოფილება გარეთ აქამდე არ გამოსულა, თორემ დაპირისპირება წლების წინ დაიწყო
ავთანდილ ჭრიკიშვილი - სპორტსმენთა უკმაყოფილება გარეთ აქამდე არ გამოსულა, თორემ დაპირისპირება წლების წინ დაიწყო

სპორტსმენთა უკმაყოფილება გარეთ აქამდე არ გამოსულა, თორემ დაპირისპირება წლების წინ დაიწყო, – ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონმა, მსოფლიოს მეორე პრიოზიორმა, სამგზის ევროპის ჩემპიონმა და ევროპის ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პირადად მე 2016 წელს, ოლიმპიადის წინ ძალიან დიდი დაპირისპირება მქონდა. 2017 წელს შეჯიბრის ჭიდაობა გვინდოდა და წონა შევიცვალე. მე ტურნირის ჭიდაობა მინდოდა, რის შემდეგაც ასეთი პასუხი მივიღე, ეს სხვებსაც მოუნდებათ და თანხები არ არისო. ამ შეჯიბრზე წასვლა ლიპარტელიანსაც უნდოდა, მარგველაშვილსაც და პაპინაშვილსაც, მაგრამ ვერ წავედით, წელს კი ორი შეკრება გამოვტოვე“,- განაცხადა ჭრიკიშვილმა.

მისი თქმით, ადრე იყვნენ მწვრთნელები, რომლებიც ფედერაციას ეწინააღმდეგებოდნენ და სპორტსმენების ვარჯიშებითა და შეჯიბრებით უზრუნველყოფა მათი ძალისხმევით ხდებოდა.

„როცა დავით ქევხიშვილმა მწვრთნელები შეცვალა და თავისი მეგობრები მოიყვანა, ისინი მას არ უპირისპირდებოდნენ, ბოლომდე მიუშვეს და თავის საქმეს ქევხიშვილიც ბოლომდე აკეთებდა. არ ვიცი, ძიუდოს ფედერაცია ფედერაციებს შორის საუკეთესოდ რატომ სახელდებოდა. შესაძლოა, იმიტომ, რომ ქევხიშვილი რაღაც პროექტებს ახორციელებდა“, – განაცხადა ჭრიკიშვილმა.

ამ განცხადებით ავთანდილ ჭრიკიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამ განაპირობა ასეთ მოკლე დროში პოზიციების ცვლილება მაშინ, როცა ბოლო წლებში, ძიუდოს ფედერაცია ფედერაციებს შორის საუკეთესოდ სახელდებოდა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მათთვის გულშემატკივრების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასე გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან თუ სპორტსმენს უნდა, პრეტენზია პირველ ნომრობაზე ჰქონდეს, ან ტოპ ათეულში მაინც იყოს, ის შეკრებებითა და მომზადებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„ათეულშიც თუ ვერ მოხვდი, მაშინ წვალებას აზრი აღარ აქვს. თუ სპორტსმენი არ მოამზადე, მაშინ ქუჩიდან აიყვანე ვინმე და აჭიდავე“, – განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.