ძიუდოისტებს შორის დაპირისპირებისას დაკავებული ლომერ ჟორჟოლიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ძიუდოისტებს შორის დაპირისპირებისას დაკავებული ლომერ ჟორჟოლიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების საქმეზე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებული ლომერ ჟორჟოლიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სასამართლო განხილვა 13:00 საათზე არის დაგეგმილი და მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანი წარუძღვება.

ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების დროს დაკავებულ ლომერ ჟორჟოლიანს ბრალი გუშინ წარუდგინეს.

ძიუდოისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 31 მაისს მოხდა, რა დროსაც დაშავდა ორი ადამიანი. სიტუციის განმუხტვას ადგილზე მისული პატრულ ინსპექტორები შეეცადნენ, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟორჟოლიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. 

„გასროლის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი მიიმალა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ლ.ჟ. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით ადგილზევე დააკავა.

ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ორი პირი – 1990 წელს დაბადებული ლ.ყ. და 1993 წელს დაბადებული გ.გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.