ზებედა რეხვიაშვილი - დავით ქევხიშვილი ჩვენი პრეზიდენტი აღარ არის და არც არასოდეს იქნება
ზებედა რეხვიაშვილი - დავით ქევხიშვილი ჩვენი პრეზიდენტი აღარ არის და არც არასოდეს იქნება

დავით ქევხიშვილი ჩვენი პრეზიდენტი აღარ არის და არც არასოდეს იქნება, – ამის შესახებ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ზებედა რეხვიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ აირჩიეს სპორტსმენებმა პროტესტის ეს ფორმა, როცა ფედერაციის პრეზიდენტის კაბინეტიდან სავარძელი გამოიტანეს, მისი სამუშაო ოთახის კარი აჭედეს და დავით ქევხიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს, ზებედა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ მართალია, პროტესტი ცოტა უხერხული ფორმით გამოხატეს, მაგრამ ეს სპეციალური კომისიის და ზოგადად, ყველას მიმართ უნდობლობამ გამოიწვია.

„ამდენი ხანია ეს გრძელდება და არავინ არ დაინტერესდა, ბიჭებო, რა გიჭირთ, ასეთი რამ რატომ ხდებაო. ოლიმპიური ლიცენზიები დაიწყო, მსოფლიო ჩემპიონატი კარს მოგვადგა და გუნდი თითქმის ერთი თვეა, აღარ ვარჯიშობს. ამიტომ მივმართეთ ასეთ ხერხს, რათა ყველასთვის დაგვეფიქსირებინა, რომ აზრი არანაირ მოლაპარაკებას აღარ აქვს. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ მათ მხოლოდ და მხოლოდ ზურგი გვაქციეს“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა ნაკრებში ქევხიშვილთან მიმართებით ერთსულოვნება, რადგან ნაკრების რამდენიმე წევრი, ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იაპონიაში შეკრებაზე იმყოფებოდნენ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი კი შეკრებებზე არ ჩანს, ზებედა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ ნაკრებში ყველა ამ აზრის გარშემო ტრიალებს და გუნდში ერთსულოვნებაა.

„ისინი ჩვენი თანამოაზრეები არიან. უბრალოდ, ისინი იაპონიაში არიან და ვარჯიშს აგრძელებენ. ჩვენ აზრს სხვა ფორმით გამოვხატავთ, ისინი კი ამ ფორმით გამოხატავენ. ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ. როცა კაპიტანმა თქვა, რომ განცხადებას გუნდის სახელით აკეთებდა, ეს ყველაფერი გუნდის თითოეულ წევრთან იყო შეთანხმებული“, – განაცხადა ზებედა რეხვიაშვილმა.