ზაზა სოფრომაძე - გუდაურში დაშავებული ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
გუდაურში დაშავებული შვედეთის მოქალაქე ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, რომელმაც დაშავებული კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ მოინახულა.
მისი თქმით, შვედეთის მოქალაქე 15 კვირის ორსულია, შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„შვედეთის მოქალაქე გადმოყვანილი იქნა გუდაურიდან რეანომობილით. მას ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. აღინიშნება 15 კვირის ორსულობა. მდგომარეობა სტაბილურია. პროფილაქტიკისთვის გაჩერდება სტაციონარში 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ და სავარაუდოდ ამის შემდეგ შესაბამისი რეკომენდაციებით გაეწერება, – აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.
მისი თქმით, გუდაურში უბედური შემთხვევისას, სულ 11 მოქალაქე დაშავდა. მათგან ოთხი მსუბუქად და სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებდნენ. შვიდი კი – ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება,
„თბილისში მოხდა შვიდი მოქალაქის ტრანსპორტირება. ერთი ვერტმფრენის საშუალებით გადმოიყვანეს, რომლის მდგომარეობაც სხვებთან შედარებით, მძიმე იყო. მას აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. შესაბამისი დახმარება უკვე ჩაუტარდა ღუდუშაურის კლინიკაში. ამასთან, ღუდუშაურის კლინიკაში კიდევ ხუთი მოქალაქე იმყოფება, მათაც უკვე ჩაუტარდათ პირველადი დახმარება და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სტაბილურია. მეშვიდე დაშავებული, შვედეთის მოქალაქე კი, კლინიკა „მედიქლაბშია“ და მისი მდგომარეობაც სტაბილურია“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ზაზა სოფრომაძის თქმით, მკურნალობის ხარჯების გაღება არც ერთ დაშავებულს არ მოუწევს.
„ხარჯები გაღებული იქნება სავარაუდოდ იმ კომპანიის მიერ, რომელიც ოპერირებდა გუდაურში. თუ არა და, ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთვება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხარჯები დაშავებულთა მხრიდან არ იქნება გასაღები“ – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
გუდაურში დღეს დილით საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან საქართველოს, უკრაინის, შვედეთის და რუსეთის მოქალაქეები.