ზაზა სოფრომაძე - გუდაურში დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ გუდაურში, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად დაზარალებულები ცოტა ხნის წინ ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ ეტაპზე ღუდუშაურის კლინიკაში ორი უკრაინელი ტურისტი იმყოფება, დანარჩენი ხუთი დაშავებული კი რეანომობილით გადმოჰყავთ, რადგან ცუდი ხილვადობის გამო, ვერტმფრენის საშუალებით მათი გადმოყვანა ვერ მოხერხდა.
როგორც ზაზა სოფრომაძემ აღნიშნა, პანიკის საფუძველი არ არის და არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ოთხი მათგანი მოთავსდება ღუდუშაურის კლინიკაში, ხოლო შვედეთის მოქალაქე ქალბატონი მოთავსდება კლინიკა „მედი ქლაბში“. უკვე ჩამოყვანილი დაშავებულების მდგომარეობას რაც შეეხება, უკრაინელ ქალბატონს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა, დანარჩენების მდგომარეობაც არის შედარებით მსუქბუქი სიმძიმის. დანარჩენებსაც აღენიშნებათ სხვადასხვა სახის ტრავმები და დაჟეჟილობები. ზედმეტი პანიკის საფუძველი არ არსებობს. არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება შვედ ფეხმძიმე ქალბატონს, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა სოფრომაძემ.
როგორც ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, შემთხვევის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს 11-მა პაციენტმა მიმართა, მათგან ერთი უკვე გაეწერა, სამის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოესი წუთების განმავლობაში გაეწერებიან.
სამინისტროს ცნობით, ხუთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.
დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.
წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.