ზაზა ბაქრაძის განცხადება მოსამართლემ ბუტა რობაქიძის საქმეს დაურთო, თუმცა ჩვენებად არ მიიჩნია
ბუტა რობაქიძის საქმეს თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაზა ბაქრაძის მედიაში გაკეთებული განცხადება დაერთვება, თუმცა როგორც პროცესზე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაცხადა, ბაქრაძის განცხადება ჩვენებად ვერ მიიჩნევა.
საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძის მიერ მედიასთან გაკეთებული აღიარებითი განცხადების დართვის შუამდგომლობა პროცესზე პროკურატურამ დააყენა, რაც დაცვის მხარემ გააპროტესტა. ისინი მიიჩნევენ, რომ ბაქრაძემ საქართველოში ჩამოსვლისთანავე ან დისტანციურად უნდა მისცეს ჩვენება, რადგან მის მიმართ არაერთი კრიტიკული შეკითხვა არსებობს. აღნიშნულს მოსამართლეც დაეთანხმა.
„დაცვის მხარეს ვეთანხმები, ზაზა ბაქრაძე, რომელიც ბრალდებულია, უნდა დავკითხოთ დისტანციურად ან თავად უნდა გამოცხადდეს. ეს არ არის ჩვენება, მოწმე უნდა მივიდეს ან მაგისტრ მოსამართლესთან, ან გამოკითხოს გამომძიებელმა. დაკავებული რომ იყოს ბრალდებული, ადვოკატის თანხმობის შემთხვევაში, ჩვენებად დავურთავდი. ეს ჩვენება არ არის, თუმცა მიმაჩნია, რომ ბრალდების შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი მასალა დაერთოს საქმეს. ამ შემთხვევაში, დაცვას ჰყავს შეყვანილი მოწმეთა სიაში და თუ სურვილი ექნება, დაიკითხება“, – განაცხადა მოსამართლემ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული ჩვენების გამოქვეყნებად არ მიიჩნევა.
პროცესზე საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ აღნიშნა, რომ ბაქრაძის აღიარებითი განცხადებები ზეწოლის შედეგია.
ზაზა ბაქრაძეს ბრალი ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ედება. ბაქრაძე წარდგენილ ბრალს ხუთი წლის შემდეგ სრულად ეთანხმება და აცხადებს, რომ რობაქიძის მკვლელობის ადგილი თავად დაათვალიერა და იქ იარაღი არ ყოფილა. ამასთან, ძებნილი ბაქრაძე თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ზურაბ მიქაძესა და შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გურამ დონაძეს შანტაჟში ადანაშაულებს.
ძებნილი ბაქრაძის კომენტარი პირველმა არხმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს „სკაიპით“ ჩაწერა.