ზაზა ავალიანი - მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავ უნდობლობას უცხადებს ვაქცინებს, რომლებმაც მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა
ზაზა ავალიანი - მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავ უნდობლობას უცხადებს ვაქცინებს, რომლებმაც მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა

ჩვენ მივაღწიეთ იმ ჟამს, როდესაც მორიგი ტალღა და მორიგი დავიწყებული პრობლემა კვლავ გვახსენებს თავს, – ამის შესახებ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის დირექტორმა, ჰოსპიტალური მართვის საკითხებში ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტანტმა ზაზა ავალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სურათი გვექნება ნოემბერ-დეკემბერში იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელება ამ ტემპით გაგრძელდა, ზაზა ავალიანმა განაცხადა, რომ როგორც განვლილი გზა აჩვენებს, ამ შემთხვევაში ქვეყანა იმ პიკის მწვერვალზე აღმოჩნდება, რაც პაციენტების დიდ რიცხვს და გაზრდილ სიკვდილობას გულისხმობს.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ზაზა ავალიანმა ანტიბიოტიკის შემქმნელი მეცნიერის, ალექსანდერ ფლემინგის სიტყვები გაიხსენა.

„მას მიეწერება სიტყვები – დადგება ჟამი, როდესაც ადამიანთა ავადმყოფობა იქნება ბრალი ამ პაციენტთა გაუნათლებლობის. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ იმ ფაქტის წინაშე ვდგავართ, როცა არანაირი შეგონება და მტკიცებულებებზე დამყარებული არანაირი მოწოდება აღარ ჭრის. ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავ უნდობლობას უცხადებს ვაქცინებს, რომლებმაც მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვინდა, ვენდოთ სარწმუნო მტკიცებულებებზე დამყარებულ შედეგებს“, – განაცხადა ავალიანმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ შეიცვალა მოქალაქეთა დამოკიდებულება მკვეთრად მესამე და მეოთხე ტალღის დროს, როცა კლინიკების მიმართ პატივისცემა და დამყოლობა-დამორჩილება ძალიან დიდმა აგრესიამ ჩაანაცვლა, ზაზა ავალიანმა განაცხადა, რომ განწყობის შექმნა ძალიან მარტივად შეიძლება, სხვადასხვა ამოცანის გადასაწყვეტად და სხვადასხვა გზით.

„ეს არის არასწორად გამოთქმული ფრაზა, არასწორად ინტერპრეტირებული მოვლენა და ჟურნალისტებს არ გეწყინოთ, მაგრამ თუნდაც, მასმედიაში შემზადებული აზრი, რაც მიზნად ისახავს კონკრეტული ნეგატივის გაღვივებას, სხვადასხვა ამოცანის გადასაწყვეტად, მაგრამ მოქალაქეთა ხარჯზე. რასაკვირველია, არ გამოვრიცხავ იმ გარემოებას, რომ თვითონ თეთრხალათიანებსაც შეიძლება, შეცდომები მოუვიდეთ, მაგრამ დარწმუნებითა და დაბეჯითებით შემიძლია, გითხრათ ერთი რამ – ძირითადად, ეს არის თავშეწირული და მაღალკომპეტენტური ხალხი, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იბრძვის პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რომ ჩემი სამი კოლეგა გარდაიცვალა, ნუთუ, ეს არ კმარა იმის აღსაქმელად, რომ ამ ბრძოლაში ექიმები თავშეწირული არიან?! ცალკეული შეცდომა არ უნდა იქცეს განზოგადების საბაბად. აი, ეს მინდა, ვთხოვო ყველას, ვინც გვისმენს“, – განაცხადა ავალიანმა.

როგორც ზაზა ავალიანმა განაცხადა, თუ მოვლენები ასე გაგრძელდება, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა 10 000-დან 15 000-მდე ადამიანს დაკარგავს.