ყველა ამჟამინდელი გველი დინოზავრების მკვლელ ასტეროიდს გადარჩენილი სულ რამდენიმე სახეობისგან მოდის — #1tvმეცნიერება
ყველა ამჟამინდელი გველი დინოზავრების მკვლელ ასტეროიდს გადარჩენილი სულ რამდენიმე სახეობისგან მოდის — #1tvმეცნიერება

ყველაფერი მხოლოდ ერთ ევოლუციურ მომენტში მოხდა. 66 მილიონი წლის წინ, დედამიწას უზარმაზარი ასტეროიდი დაეცა და ყველა არამფრინავი დინოზავრი მოსპო. გადარჩენილები — ძუძუმწოვრები, ბაყაყები, რეპტილიები და სხვები გავრცელდნენ, გამრავალფეროვნდნენ და იმ მრავალ სახეობად იქცნენ, რომლებსაც დღეს ვხედავთ.

თუმცა, ახალ კვლევაში იმის დადგენა სცადეს, რას აკეთებდნენ იმ დროს გველები, ცარცულ-პალეოგენული მასობრივი გადაშენების დროს. როგორც ირკვევა, გველის ყველა თანამედროვე სახეობა ასტეროიდს გადარჩენილი სულ რამდენიმე გველისგან მოდის.

„გამორჩეული შემთხვევაა, რადგან ისინი არა მხოლოდ გადაურჩნენ იმ გადაშენებას, რომელმაც ძალიან ბევრი ცხოველი მოსპო, არამედ სულ რამდენიმე მილიონ წელიწადში ახალი თვისებები შეიძინეს და ჰაბიტატის გამოყენება ახლებურად დაიწყეს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის ბათის უნივერსიტეტის ფილოგენეტიკოსი კეტრინ კლაინი.

დიდი სამეცნიერო გაურკვევლობა იყო იმის შესახებ, რამდენად დიდი გავლენა მოახდინა მასობრივმა გადაშენებამ ქერცლიანებზე — ისეთ რეპტილიებზე, როგორებიც არიან ხვლიკები და გველები.

თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ მათ მინიმალური დანაკარგი განიცადეს, მაგრამ განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში შეიმჩნეოდა ქერცლიანების გადაშენების მაღალი მაჩვენებლის მტკიცებულებები ცარცული და პალეოგენური ეპოქების საზღვარზე.

„ცარცული და პალეოგენური ეპოქების საზღვარზე გველების ევოლუციური ისტორია განსაკუთრებით ძნელი შესაფასებელია“, — წერს მკვლევართა ჯგუფი.

ადრეული გველების ნამარხების სიმწირის გამო, მათი ევოლუციური გენეტიკური ანალიზები დამოკიდებულია ძალიან შეზღუდული რაოდენობის მახასიათებლებზე. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს მიკერძოება და სათანადოდ ვერ ასახოს ნამდვილი გენეტიკური ისტორია.

სხვადასხვა პერიოდების გენეტიკური მონაცემებისა და ნამარხების ნიმუშების გამოყენებით, სხვადასხვა მოდელირების მიდგომათა კომბინირების გზით, მკვლევრებმა თანამედროვე გველების ყოვლისმომცველი ხედი მიიღეს, იმ დროიდან დღემდე.

ასტეროიდის დაცემას დინოზავრთა გადაშენება მოჰყვა. უცბად გაჩნდა კიდევ უფრო მეტი გადასაადგილებელი სივრცე. საინტერესოა, როგორ მოიქცნენ გველები?

კონკურენტების, მათ შორის გველის სხვა სახეობების გადაშენებამ გადარჩენილებს ახალ ზონებში, ახალ ჰაბიტატებში და ახალ კონტინენტებზე გადაადგილების საშუალება მისცა.

„ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ გადაშენებას ერთგვარი „კრეატიული დესტრუქციის“ სახე ჰქონდა — ძველი სახეობების მოსპობით, გადარჩენილებს ეკოსისტემებში არსებულ ნაპრალთა გამოყენების საშუალება მისცა, რომლებმაც ახალი ცხოვრების წესი და ჰაბიტატები აითვისეს“, — ამბობს ჯგუფის წევრი, ბათის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი ნიკ ლონგრიჩი.

მისი განცხადებით, როგორც ჩანს, ეს ევოლუციის ზოგადი მახასიათებელია, პერიოდები უშუალოდ დიდი გადაშენებების შემდეგ, როდესაც ევოლუციას ყველაზე დიდი ექსპერიმენტული და ინოვაციური სახე აქვს. ბიომრავალფეროვნების განადგურება ადგილს აჩენს ახალი რამეების გამოჩენისა და ხმელეთის ახალი ნაწილების კოლონიზაციისთვის. საბოლოოდ, სიცოცხლე იმაზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება, ვიდრე იქამდე იყო.

ამ პერიოდამდე არსებობდნენ ცარცული გველები; ამის შესახებ იქიდან ვიცით, რომ მაშინ მათ განსხვავებული ხერხემალი ჰქონდათ. მაგრამ როდესაც ეს გველები ძირითადად გადაშენდნენ, გამოჩენა დაიწყეს თანამედროვე გველებმა, მთელი თავისი დიდებული ფორმებით. გველგესლები და კობრები, ხის და ზღვის გველები, ბოა და პითონები — ყველა მათგანი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დედამიწას 10-კილომეტრიანი ასტეროიდი დაეცა.

„ცარცულ-პალეოგენურმა მასობრივმა გადაშენებამ მრავალი ხერხემლიანის ჯგუფის გაქრობა გამოიწვია, რასაც მოჰყვა გადარჩენილ ძუძუმწოვართა, ფრინველთა, ბაყაყებისა და თევზების სწრაფი გამრავალფეროვნება“, — წერს ჯგუფი.

მკვლევართა განცხადებით, მათი კვლევა მხარს უჭერს ცარცულ-პალეოგენური გადაშენების ფუნდამენტურ როლს დღეს არსებულ ხერხემლიანთა ბიომრავალფეროვნებაში.

მართლაც, სიცოცხლე ყოველთვის პოულობს თავის გზას.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.