ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადვოკატი აცხადებს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს და საქმიანობას შეწყვეტს
სასტუმროს ადმინისტრაცია პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადვოკატმა, კახაბერ წერეთელმა განაცხადა.
უფლებადამცველის თქმით, სასტუმროს მისამართით რეკომენდაციები არსებობდა, თუმცა განსაზღვრული იყო ამ რეკომენდაციების შესრულების ვადა და გაუგებარია, რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება.
„ეს ვადა უნდა დასრულებულიყო მიმდინარე წლის ბოლოს და ეს რეკომენდაციებში ეწერა. გარკვეული ნაწილი შესრულებულია. ბუნებრივია, ადმინისტრაცია პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას. არის პროცედურა, რომლის მიხედვით, აღსრულების შემდეგ, ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს, მიმართოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დროებითი ექსპლუატაციის ნებართვით, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი ის ნაბიჯები, თუ რა ვადებში უნდა აღმოიფხვრას და შესრულდეს ყველა მითითება. ამ დოკუმენტზე მუშაობს ახლა ადმინისტრაცია. მე გამიჭირდება პასუხის გაცემა, რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ტურისტული სეზონის პიკია, მსგავსი გადაწყვეტილება არის ძალიან მძიმე და ალბათ გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს სასტუმროსათვის. ყველა ვაღიარებთ იმას, რომ უსაფრთხოება არის ცალსახა და უპირობო მოთხოვნა და ყველა ეს მოთხოვნა ბოლომდე იქნება მიყვანილი“, – განაცხადა კახაბერ წერეთელმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა ვადა, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს.