წყნარი ოკეანის თავზე რეკორდულად ცივი ღრუბლები დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
წყნარი ოკეანის თავზე რეკორდულად ცივი ღრუბლები დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

2018 წელს, წყნარი ოკეანის თავზე წარმოქმნილ წვიმის ღრუბელში ტემპერატურამ რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია — ყველაზე დაბალს ასეთ სტრუქტურებში ოდესმე დაფიქსირებულთა შორის; ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

შტორმის ღრუბლის ზედა ნაწილის ტემპერატურა მინუს 111 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა, უფრო დაბლა, ვიდრე ოდესმე დაგვიფიქსირებია ჭექა-ქუხილის ღრუბლებში.

ბრიტანეთის დედამიწაზე დაკვირვების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჭექა-ქუხილებმა და ტროპიკულმა ციკლონებმა, დაბალი წნევის წრიულმა შტორმმა, შეიძლება ძალიან დიდ სიმაღლეს მიაღწიოს, ზედაპირიდან 18 კილომეტრამდე ავიდეს, სადაც ჰაერი გაცილებით ცივია.

თუმცა, ახლახან დაფიქსირებული ტემპერატურა სრულიად სხვა შემთხვევაა. ღრუბლის ზედა ნაწილში ტემპერატურა დაახლოებით 30 გრადუსით უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივ შტორმის ღრუბლებში.

ეს მონსტრი ღრუბელი 2018 წლის 29 დეკემბერს ნაურუდან დაახლოებით 400 კილომეტრით სამხრეთით ჩამოყალიბდა; მისი ტემპერატურა დედამიწის ორბიტაზე მოძრავმა ამერიკულმა თანამგზავრმა NOAA-20-მა ინფრაწითელი სენსორებით გაზომა.

როგორც წესი, დედამიწის ატმოსფეროს ყველაზე დაბალ ფენაში, ტროპოსფეროში ასვლისას, შტორმები გრდემლის მსგავსი ფორმით ვრცელდება. თუმცა, თუ შტორმს ბევრი ენერგია აქვს, ის შემდეგ ფენაში, სტრატოსფეროშიც ადის.

ამ ფენომენის შედეგად, შტორმის ღრუბლები ძალიან მაღლა ადის, სადაც ისინი წარმოუდგენლად ცივდება.

კვლევის ავტორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრის, საიმონ პრაუდის განცხადებით, ეს ფენომენი საკმაოდ ხშირია და სტრატოსფეროში ყოველი ერთი კილომეტრით მაღლა ასვლისას, ღრუბლის ტემპერატურა დაახლოებით 7 გრადუსი ცელსიუსით ეცემა.

 

თუმცა, ეს შტორმი განსაკუთრებით ექსტრემალური იყო.

„მიაღწია უპრეცედენტო ტემპერატურას და გადასცდა იმ ზღვარს, რისი დაფიქსირების უნარიც ჩვენს ამჟამინდელ თანამგზავრთა სენსორებს აქვთ. ირკვევა, რომ ბოლო დროს, ღრუბლებში ასე ძალიან დაბალი ტემპერატურები უფრო მოხშირდა“, — ამბობს პრაუდი.

მისივე განცხადებით, გასული სამი წლის განმავლობაში, მეცნიერებმა ღრუბლებში კიდევ არაერთხელ დააფიქსირეს ასევე უკიდურესად დაბალი ტემპერატურა.

„ეს საქმე საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან შტორმის ცივი ღრუბლები უფრო ექსტრემალური და მეტად საზიანოა დაბლა, ხმელეთზე მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან იწვევს სეტყვას, ჭექა-ქუხილსა და ქარს“, — აღნიშნავს პრაუდი.

BBC-ის ცნობით, ამ კონკრეტულმა შტორმმა ენერგია შეიძლება აკრიფა რეგიონის ძალიან თბილი წყლისა და აღმოსავლეთის ქარის კომბინაციის შედეგად. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რატომ გახშირდა ბოლო დროს ასეთი დაბალი ტემპერატურა შტორმის ღრუბლებში.

„საჭიროა გავიგოთ, ეს პროცესი კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული თუ უბრალოდ ამინდის შესაბამისი გარემოებებით“, — ამბობს საიმონ პრაუდი.

კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია BBC-ისა და Live Science-ის მიხედვით.