2020 წლის ატლანტიკური ქარიშხლების სეზონი იმდენად მკაცრია, რომ შტორმების სახელდების სიაში სახელები ამოიწურა — #1tvმეცნიერება
2020 წლის ატლანტიკური ქარიშხლების სეზონი იმდენად მკაცრია, რომ შტორმების სახელდების სიაში სახელები ამოიწურა — #1tvმეცნიერება

ატლანტიკური ტროპიკული ქარიშხლების წლევანდელი სეზონი ზედმეტად აქტიურია. იმდენად, რომ როდესაც 18 სექტემბერს აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა ახალ ქარიშხალს „ვილფრედი“ უწოდა, სახელები ამოიწურა, მეორედ მას შემდეგ, რაც 1950 წლიდან მათი სახელდება დაიწყეს.

რამდენიმე საათის განმავლობაში წარმოიქმნა კიდევ ორი ქარიშხალი — ალფა და ბეტა.

უფრო საოცარი კი ის არის, რომ წელს უკვე 23-ე ტროპიკული შტორმი წარმოიქმნა. ბეტა ბოლოს ქარიშხალს 2005 წელს უწოდეს; 2020 მეორე ყველაზე უხვშოტრმიანი წელია მას შემდეგ.

2020 წლის ატლანტიკურ ქარიშხალთა სეზონი დასასრულისგან ჯერ შორს არის. ახალი შტორმების გაჩენასთან ერთად, სინოპტიკოსებმა ანბანის მიხედვით ადამიანის სახელებიდან უკვე ბერძნული ანბანის ასოებზე გადაინაცვლეს. 2005 წელს ბერძნული ანბანის სახელით ექვსი შტორმი დაფიქსირდა.

რატომ არის ატლანტიკის რეგიონი წელს ასე აქტიური? რა განაპირობებს ამდენი ტროპიკული ციკლონის წარმოქმნას?

როდესაც ატლანტის ოკეანის თავზე ჩნდება აშლილობა — კონვექციური ღრუბლების ან ჭექა-ქუხილების დიდი ლაქა, გარკვეული გარემო პირობები მას ტროპიკულ ციკლონად გადაქცევაში ეხმარება.

თბილი წყალი და დიდი ტენიანობა აშლილობას აძლიერებს.

დაბალი ვერტიკალური ქარის წანაცვლება, ანუ როდესაც ქარის სიჩქარე და მიმართულება იქამდე არ იცვლება, ვიდრე ატმოსფეროში საკმაოდ მაღლა არ ავა, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის კონვექციის ზრდას უშლის ხელს. არასტაბილურობა ჰაერის მასებს ზემოთ ასვლის და ელჭექის წარმოქმნის საშუალებას აძლევს.

წელს ატლანტის ოკეანის უმეტეს ნაწილში ზედაპირის ტემპერატურა საშუალოზე მაღალი იყო, ქარის წანაცვლება კი საშუალოზე დაბალი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ჩვეულებრივზე უფრო მეტად ხელშემწყობი იყ ტროპიკული ციკლონების წარმოსაქმნელად.

როგორც ჩანს, თავის საქმე შეასრულა ლა-ნინიამაც. ლა-ნინია გახლავთ ელ-ნინიოს საპირისპირო მოვლენა და ხდება მაშინ, როდესაც წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში ზედაპირის ტემპერატურა საშუალოზე დაბალია.

ასეთი გაციება გავლენას ახდენს აშშ-ის და სხვა მრავალი რეგიონის ამინდზე, მათ შორის, ამცირებს ქარის წანაცვლებას ატლანტიკის აუზში. აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NOAA) სექტემბრის დასაწყისში განსაზღვრა, რომ ლა-ნინიას კლიმატური მახასიათებელი იწყებოდა, რომელიც კვირების განმავლობაში ყალიბდებოდა.

აშშ-ის სანაპიროს წელს უკვე დაარტყა ქარიშხლებმა — ჰანამ, ისაიამ, ლაურამ და სალიმ, რაც წელიწადის ამ დროისათვის ცოტა უცნაურია. დაფიქსირდა მრავალი ხანმოკლე ტროპიკული შტორმიც, რომლებსაც მხოლოდ მცირე ზიანი ჰქონდათ.

როდესაც ტროპიკული ციკლონები აფრიკის თავზე აშლილობისგან წარმოიქმნება, მათ წინ მთელი ოკეანე აქვთ გასავლელი, სადაც უფრო ძლიერდებიან და ორგანიზებული ხდებიან.

თუმცა, წელს მრავალი შტორმი სულ სხვაგან, გაცილებით ჩრდილოეთით, აშშ-ის სანაპიროს სიახლოვეს წარმოიქმნა.

მრავალი მათგანი გაჩნდა აშლილობისგან, რომელიც არც ისე იმედისმომცემი ჩანდა იქამდე, ვიდრე ისინი გოლფსტრიმის დინების თავზე მოექცეოდნენ. გოლფსტრიმი დიდი ოკეანური დინებაა, რომელსაც მექსიკის ყურიდან თბილი წყალი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან და ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთში მიაქვს.

ტროპიკული ციკლონების წარმოსაქმნელად საჭიროა, რომ ზღვის ზედაპირის ტემპერატურა 26,6 გრადუსზე მაღალი იყოს. გოლფსტრიმის დინების თბილი წყალი კი ნამდვილად უნდა დახმარებოდა აშლილობას დატრიალებაში და ტროპიკულ ციკლონად გადაქცევაში. ასეთი ახლო მანძილიდან აშშ-ის სანაპირომდე მისვლამდე კი მათ საკმარისი ძალა ვერ შეიძინეს.

ერთ-ერთი უდიდესი სიურპრიზი წლევანდელ სეზონზე რეკორდები იყო შტორმების სახელდების მხრივ. მაგალითად, 6 ივლისს ედუარდი მეხუთე ყველაზე ადრე სახელდებული შტორმი გახდა, რომელმაც 2005 წლის ემილის ერთი კვირით აჯობა.

მეექვსე ყველაზე ადრე სახელდებული შტორმი კი გახლდათ ფეი, რომელიც 2005 წლის ფრანკლინზე თითქმის ორი კვირით ადრე გამოჩნდა.

ვილფრედი ყველაზე ადრეული აღმოჩნდა, რომელმაც შტორმების სახელდებისთვის განკუთვნილი სია ამოწურა. 2005 წელს ქარიშხალი ვილმა 17 ოქტომბერს წარმოიქმნა, მაგრამ ის წლის 22-ე სახელდებული შტორმი იყო, ვილფრედი კი 21-ეა.

საერთო ჯამში, 2005 წელს სულ 28 სახელდებული შტორმი იყო. ატლანტიკური ტროპიკული ციკლონების სახელთა სია ახტება ისეთ ასოებს, რომელთა შემთხვევაშიც რთულია ადვილად გამოსარჩევი სახელების პოვნა, მაგალითად, Q-ს და Z-ს; ამის შემდეგ, სია ბერძნულ ანბანს მიმართავს.

ქარიშხლების სეზონი 30 ნოემბერს მთავრდება და მანამდე არავინ იცის, რამდენად შორს გახდება შესვლა ბერძნულ ანბანში შესაბამის სახელთა შესარჩევად.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი