წყალმომარაგების უძველესმა სისტემამ შესაძლოა, პერუ წყლის დეფიციტისგან იხსნას
წყლის კონსერვაციის უძველესი მეთოდი, რომელსაც ერთ დროს პერუში იყენებდნენ, შესაძლოა უკან დაბრუნდეს, რადგან მოსახლეობის რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ, ეს ქვეყანა უკიდურესად მშრალ სეზონებს ებრძვის.
მკვლევართა შეფასებით, მეთოდი, რომელსაც ამ რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა, სულ მცირე 1400 წლისაა. გულისხმობს კოკისპირული წვიმების დროს მთის ფერდობებიდან წამოსული ნაკადების გადამისამართებას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ბუნებრივი წყაროები, რომლებიც წვიმიანი სეზონის დასრულების შემდეგაც დიდხანს ინახება.
ინკებამდელ ეპოქაში ამ ყველაფერს არხებისა და ტბორების მშენებლობით ახერხებდნენ, რომელთა საშუალებითაც წყლის ნაკადებს ბუნებრივ მიმართულებას უცვლიდნენ. საჭიროების შემთხვევაში კი, ასე დაგროვებულ წყალს ახალ მიმართულებას აძლევდნენ და თვეების განმავლობაში იყენებდნენ.
„ქალაქ ლიმის მოსახლეობა მსოფლიოში წყლის ყველაზე ნაკლებად სტაბილურ გარემოში ცხოვრობს. წვიმიან სეზონებში იქ ძალიან ბევრი წყალია, მშრალში კი უკიდურესად ცოტა. პერუს ადგილობრივმა ხალხებმა ამ პრობლემისთვის თავის გართმევა კარგად იცოდნენ და შესაბამისად, გამოსავლის საპოვნელად სწორედ მათ უნდა მივმართოთ“, — ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის გარემოსდაცვითი ინჟინერი ვუტერ ბუიტაერტი.
წყლის ამ უძველეს სისტემათა შესასწავლად, მეცნიერები დასავლეთ პერუს, უამანტანგის რაიონს ესტუმრნენ. ცოტა ხნის წინ, იქ აღადგინეს უძველესი არხები, რომლებსაც კეჩუას ენაზე „ამუნას“ უწოდებენ.
ორი წლის განმავლობაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად, ჯგუფმა დაადგინა, რომ მიმართულებაშეცვლილ წყალს ორი კვირიდან რვა თვემდე სჭირდებოდა ქვედა მიმართულებით წასასვლელად; საშუალოდ კი ეს პერიოდი 45 დღეს შეადგენდა.
მკვლევართა ვარაუდით, თუკი წყლის მიმართულების შეცვლის ასეთ სისტემას დედაქალაქ ლიმას მოვარგებთ, წვიმიანი სეზონის წყლის 35 პროცენტი (დაახლოებით 99 მლნ კუბური მეტრი) შეინახება შემდეგი თვეებისთვის. ამ სისტემის მასშტაბებში გაზრდა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ის ეფექტიანია.
მშრალი სეზონი პერუში მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება; ამ პერიოდში ქვეყანას ძალიან უჭირს ლიმის 12 მილიონიანი მოსახლეობის წყალმომარაგება. წყლის დონის სეზონურ ცვლილებებს ხელი შეუშალა კლიმატის ცვლილებამ და მყინვარების დნობამაც; განსაკუთრებით სავალალო კი სოფლის მეურნეობაში გამოყენებული მეთოდები აღმოჩნდა, რის შედეგადაც მთების კალთები წყლის შემაკავებელი ქანების გარეშე დარჩა.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამ უძველეს მეთოდთა უკან დაბრუნებით, მშრალი სეზონის პირველ თვეებში ხელმისაწვდომი წყლის ოდენობა 33 პროცენტით გაიზრდება, გვიან თვეებში კი 7,5 პროცენტით.
თუმცა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მაქსიმალური ოდენობის წყლის შესანახად საჭიროა, ტრადიციულ მეთოდების გამოყენება მოხდეს თანამედროვე მიდგომებთან ტანდემში.
კლიმატის ცვლილების პირობებში, ადამიანთათვის საკმარისი წყლის მიწოდება მსოფლიოს მრავალ ნაწილში სულ უფრო მზარდი გამოწვევა ხდება. გამოსავალს მეცნიერები სხვადასხვა გზებით ეძებენ.
როგორც ჩანს, რაღაც სასარგებლოს სწავლა ამ მხრივ საუკუნეების წინანდელი მეთოდებიდანაც შეგვიძლია.
„თანამედროვე მეცნიერების წინსვლასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს იმის გარკვევაც, როგორ შეიძლება მოერგოს უძველესი მეთოდები თანამედროვე პრობლემებს. როგორც ჩანს, ჩვენი წინაპრებისგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი პრობლემების გადაჭრის კრეატიული გზების თვალსაზრისით“, — ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ჰიდროლოგი ბორის ოჩოა-ტოკაჩი.
კვლევა ჟურნალ Nature Sustainability-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია imperial.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.