„წიგნების თარო“ ოთხი წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ აქციას მართავს და არასრულწლოვანთა დაწესებულებისთვის წიგნებს აგროვებს
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „წიგნების თარო“ ოთხი წლისაა. რეიტინგული და მასშტაბური პროექტის პირველი გადაცემა ეთერში 2016 წლის 16 იანვარს გავიდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში: შედგა შვიდი სასკოლო და სამი სტუდენტური სეზონი.
პროექტში მონაწილეობა მიიღო 600-ზე მეტმა მოსწავლემ და სტუდენტმა. კემბრიჯში უკვე იყო 23 ახალგაზრდა, წელს კი კიდევ 15 გაემგზავრება.
„წიგნების თაროს“ ეგიდით გაიმართა არაერთი ღონისძიება, ლექცია, საჯარო თამაში და ფესტივალი.
შოუმ მოახერხა, დაემკვიდრებინა სოციალური პასუხისმგებლობის მქონე გადაცემის სახელი და გამხდარიყო საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტი.
დაბადების დღესთან დაკავშირებით, „წიგნების თარო“ კიდევ ერთ სოციალურ აქციას გამართავს – „წიგნები არასრულწლოვანთა კოლონიისთვის“. მთელი დღის განმავლობაში, დაბადების დღესთან დაკავშირებული ღონისძიების პარალელურად, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, „წიგნების თაროს“ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთოს და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს წიგნები აჩუქოს.
მომდევნო დღეებში კი გადაცემის შემოქმედებითი გუნდი არასრულწლოვანთა კოლონიას ეწვევა, მსჯავრდებულებს შეხვდება და მათთვის „წიგნების თაროს“ თამაშს გამართავს, შეგროვილ წიგნებს კი საჩუქრად გადასცემს.