ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი არხის წარმომადგენლებმა ახალი პროექტი „წიგნების თარო Media“ გააცნეს
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი არხის წარმომადგენლებმა ახალი პროექტი „წიგნების თარო Media“ გააცნეს

საქართველოს პირველი არხის ახალგაზრდული პროექტის, „წიგნების თაროს“ შემოქმედებითი ჯგუფი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ახალი პროექტი „წიგნების თარო Media“ გააცნო. შემოქმედებითმა ჯგუფმა დეტალურად ახსნა პროექტში მოსწავლეთა და სტუდენტთა რეგისტრაციის წესები. რეგისტრაცია ახალი სეზონისთვის უკვე გამოცხადებულია.

„წიგნების თარო Media“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტია, რომელიც „წიგნების თაროს“ უნიკალურ ქართულ მობილურ აპლიკაციაზე ხორციელდება. პროექტის მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოავლინოს შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები, როგორც სტუდენტები, ისე მოსწავლეები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. პროექტის ფარგლებში, 2020 წლის იანვრიდან საქართველოს პირველ არხზე ექვსი ახალგაზრდა ექვსთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სპეციალურ პროგრამას გაივლის.

„წიგნების თაროს“ სასკოლო სეზონში მონაწილეობის მისაღებად სკოლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, დირექტორმა ან მასწავლებელმა უნდა დაარეგისტრიროს სამი, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლისგან შემდგარი გუნდი. სკოლას აქვს მხოლოდ ერთი გუნდის რეგისტრაციის უფლება.

სტუდენტურ სეზონში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრ სტუდენტს. გუნდის სამივე წევრი უნდა იყოს ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. გუნდების რაოდენობა ერთი და იგივე უმაღლესი სასწავლებლიდან შეზღუდული არ არის.

მთავარი პრიზი უცვლელი რჩება – კემბრიჯის საზაფხულო სკოლა. 2020 წლის ზაფხულში „წიგნების თარო“ კემბრიჯში კიდევ 14 ახალგაზრდას გაუშვებს. რეგისტრაცია დღეს დაიწყო და მიმდინარეობს ვებგვერდზე registracia.1tv.ge. რეგისტრაცია გაგრძელდება 20 დეკემბრამდე.