საოცარი ახალი სამყარო - „წიგნების თაროს” მე-2 ახალგაზრდული კონფერენცია
საოცარი ახალი სამყარო - „წიგნების თაროს” მე-2 ახალგაზრდული კონფერენცია

საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ ორგანიზებით 27 მარტს, თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართება.

„საოცარი ახალი სამყარო“ – შემეცნებითი ღონისძიებაა, რომელსაც „წიგნების თარო“ უკვე მეორედ ატარებს, ამჯერად თბილისში. კონფერენციაზე აქტუალურ საკითხებზე, მომავლის ხედვებსა და ტენდენციებზე სტუდენტები და პროფესიონალები ისაუბრებენ.

კონფერენციის მიზანია ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ახალგაზრდულ პრობლემატიკას, აქტუალურ საკითხებს და მომავლის პერსპექტივებს სადისკუსიო საკითხად აქცევს. ღონისძიება მოიცავს როგორც გამოცდილი სპეციალისტების, მაღალი რანგის პროფესიონალების მასტერკლასებს, ასევე სტუდენტური მოხსენებების სერიას „სტუდენტები ფიქრობენ”.

ღონისძიება ინტერაქციული ხასიათისაა და უფროსებსა და ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციას უწყობს ხელს. განსხვავებული ხედვებისა და გამოცდილებების ურთიერთკვეთა საბოლოო ჯამში ახალგაზრდულ კონფერენციას იმ ინტელექტუალურ სივრცედ აქცევს, რომელიც საოცარ ახალ სამყაროსთან უფრო მეტად გვაახლოვებს.
ღონისძიება დახურულია. მოხსენებების ვიდეოჩანაწერები გავრცელდება ვებსივრცეში.

ღონისძიების განრიგი:
13:00 – გახსნა
13:15 – ვთამაშობთ „წიგნების თაროს“
14:00 – გია ბარკალაიას მასტერკლასი – „კომუნიკაციები დღეს და ხვალ“
15:00 – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ:
• პროექტი INVent New Vision
• მოხსენებები „სტუდენტები ფიქრობენ“
1. „ბრწყინვალე გონების გაზარმაცება“ – რატომ გვეზარება ფიქრი? – ანანო ბურდულაძე, პირველი კურსის სტუდენტი
2.  „ვუდსტოკი 2069“ – როგორი იქნება მომავლის ყველაზე ცნობილი ფესტივალი? – ლევან თეთრაული, მე-3 კურსის სტუდენტი
3. „წერილი თუ სიხარული – უცხოპლანეტელებისგან“ – რატომ ვერ ვუკავშირდებით უცხო ცივილიზაციებს? – ელენე მესხი, პირველი კურსის სტუდენტი
17:00 – თინათინ ბერძენიშვილის მასტერკლასი – „მედიის დილემა“
18:00 – ანდრო დგებუაძის მასტერკლასი – „თამაშის ალქიმია“

ღონისძიების მასპინძელია ეროვნული ბიბლიოთეკა. ღონისძიების პარტნიორები არიან: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, საქართველოს ბანკი, სულაკაურის გამომცემლობა.

„წიგნების თაროს“ გენერალური პარტნიორი და ღონისძიების მხარდამჭერია PSP.