საქართველოს პირველ არხზე „წიგნების თაროს“ მერვე სასკოლო სეზონი იწყება
საქართველოს პირველ არხზე „წიგნების თაროს“ მერვე სასკოლო სეზონი იწყება

საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტის, „წიგნების თაროს“ მერვე სასკოლო სეზონი იწყება, 29 თებერვალს კი მეოთხე სტუდენტური სეზონი აიღებს სტარტს.

32 სკოლა და 16 უმაღლესი სასწავლებელი სულ მალე ინტელექტუალურ მარათონში ჩაებმებიან, რომლის გამარჯვებულებსაც მაყურებლისთვის უკვე კარგად ცნობილი პრიზი, კემბრიჯის საზაფხულო სკოლა ელით. მე-8 სასკოლო სეზონში მაყურებელს კვლავაც ექნება შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი რჩეული, რომელიც ასევე კემბრიჯში გაემგზავრება. საერთო ჯამში, წელს კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში 15 ახალგაზრდა წავა.

სატელევიზიო სეზონის პარალელურად, „წიგნების თაროს“ გუნდი აგრძელებს საზოგადოებრივ აქტივობას და 28 თებერვალს მცხეთას ეწვევა.

„წიგნების თაროს“ ნახვას მაყურებელი, ტრადიციულად, საქართველოს პირველი არხის ეთერში 20:00 საათზე შეძლებს. ხუთშაბათსა და პარასკევს ეთერი კვლავაც სასკოლო სეზონს დაეთმობა, შაბათს კი – სტუდენტურს.