წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი მოკლული იქნა 2018 წლის 23 თებერვალს, ქალაქ ცხინვალში. საოკუპაციო რეჟიმისა და დე ფაქტო გამოცხადებული რეჟიმების მიერ ერთი თვის განმავლობაში ცხედარი არ იქნა გადმოცემული, ეგრეთ წოდებული ექსპერტიზის მოტივით.
ა.წ. 26 თებერვლიდან, ოჯახის თანხმობით, ცენტრ „ემპათიას“ საექსპერტო და იურიდიული დახმარების დეპარტამენტები ჩართული იქნა აღნიშნულ საქმეში. ოჯახს ცენტრმა „ემპათიამ“ შესთავაზა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანა 39-ე წესის გამოყენების მოთხოვნით, რაც გადაუდებელ ზომას გულისხმობს, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე ოჯახის თანხმობა არ იქნა მიღებული.
ა.წ. 20 მარტს საქართველოს გადმოეცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისათვის არასაკმარისი მასალით, რაც ემსახურებოდა სიკვდილის მიზეზის დადგენისა და სრულყოფილი ექსპერტიზის ხელის შეშლის მცდელობას.
ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტმა 20 მარტს მიიღო მონაწილეობა ექსპერტიზაში. მოგვიანებით, ცენტრ „ემპათიას“ იურიდიულ დეპარტამენტთან შეთანხმების გარეშე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოჯახის ინტერესებს იცავს სხვა ადვოკატი, შესაბამისად, ცენტრი „ემპათია“, სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, განაგრძობს აღნიშნულ ექსპერტიზაში მონაწილეობას მხოლოდ გამომძიებლის დადგენილებით, რაც არ გულისხმობს მხარის მხრიდან ჩართულობასა და საადვოკატო მომსახურებას, რაც, სამწუხაროდ, ხელისშემშლელი ფაქტორია სრულყოფილი დასკვნის მომზადებისათვის.
2018 წლის 12 აპრილს ცენტრი „ემპათიამ“ წერილობით მიმართა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-მედიცინის დეპარტამენტს და გამოითხოვა დასკვნის მომზადებისათვის საჭირო მასალა, საპროცესო კოდექსის (სსსკ) 52-ე მუხლის საფუძველზე, ასევე, აღნიშნულის თაობაზე აცნობა გამოძიებას.
ექსპერტიზისათვის საჭირო მასალის მოპოვების შემთხვევაში, ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტი ერთი კვირის განმავლობაში, წარმოადგენს ცალკე პირველად დასკვნას, სადაც მითითებული იქნება შემდგომი მოქმედებისთვის რეკომენდაციები“, – ნათქვამია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ განცხადებაში.