სალომე სამადაშვილი უმრავლესობის წევრებს - შეშინებული ჩიტების ჟღურტულს მახსენებს თქვენი ხმები და უნდა გეშინოდეთ, ცუდი დღე გაგითენდათ
სალომე სამადაშვილი უმრავლესობის წევრებს - შეშინებული ჩიტების ჟღურტულს მახსენებს თქვენი ხმები და უნდა გეშინოდეთ, ცუდი დღე გაგითენდათ

იმედია, ხმაურით არ შეხვდება უმრავლესობა ჩემს გამოსვლას, რადგან ხმაური რომ იწყება, ცოტათი შეშინებული ჩიტების ჟღურტულს მახსენებს თქვენი ხმები და უნდა გეშინოდეთ, ცუდად გაქვთ საქმე, ცუდი დღე გაგითენდათ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მათი პოლიტიკური გუნდის განაჩენია.

„ყოველდღე დასავლეთის პრესას ვერ გადაშლის ადამიანი, რომ თქვენ პოლიტიკურ პატრონ ბიძინა ივანიშვილს ამერიკულ პრესაში ან ავაზაკი არ უწოდოს ვინმემ ან დემოკრატიის მტერი. დღეს დილას „ენდიაიმ“ გამოაქვეყნა შედეგები, რომელიც არის თქვენი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური განაჩენი. 20 ივნისის სისხლიანი ღამის ჯალათების დასჯის ნაცვლად, ხელისუფლება იმ ადამიანებზე, ვინც არიან დაკავებული, ახორციელებს სისტემატიურ ზეწოლას, რათა მიიღოს ჩვენებები, რომელიც სჭირდება პოლიტიკური საქმეების შესაკერად პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ ამაზე გვაქვს სრული ინფორმაცია. ვიცით, ძალიან კარგად, რაც ხდება დახურულ კარს მიღმა და ვიცით, რა გეგმები აქვს ხელისუფლებას. გარდა იმისა, რომ ურცხვად აწარმოებთ ზეწოლას დაკავებულ ადამიანებზე, ახლა უკვე ხელისუფლებამ დაიწყო ზეწოლა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც იცავენ 20 ივნისის დაშავებული ადამიანების უფლებებს და ამისთვის ჩართო „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად ქცეული სახელმწიფო მანქანა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პლენარულ სხდომაზე წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიაზე“ ისაუბრა. სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, ორგანიზაციას ლიცენზია წაართვას“ და აღნიშნა, რომ ცენტრზე ზეწოლა ხორციელდება.

„არსებობს ასეთი ორგანიზაცია – წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“. როდესაც ჩავდივარ საოკუპაციო ხაზთან და ვხვდები თქვენგან მიტოვებულ ადამიანებს მიტოვებულ სოფლებში, ვხვდები, რომ ყველა მათგანი ამ ცენტრის მადლობელია. ცენტრი ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან რუსული ოკუპაციის მსხვერპლი, არიან ნაწამები იმ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, რომლის მიმართაც სანქციების შემოღებას თქვენ გუშინ მხარი არ დაუჭირეთ. არ დაუჭირეთ მხარი ცენტრს, რომლის მსხვერპლებისთვის უშუალო დახმარების გარდა, მათ მიერ მიცემული ჩვენებები გამოყენებულია მათ შორის სტრასბურგში, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

თქვენმა ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოუცხადა ომი, მიუგზავნა კომისია, ცდილობს, რომ ამ ორგანიზაციას წაართვას ლიცენზია და ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ამ ცენტრმა განაცხადა მზადყოფნა, რომ 20 ივნისს თქვენ მიერ თვალებდათხრილი ადამიანებისთვის გაეწია სამართლებრივი დახმარება. ეს არის თქვენი რეალური სახე და ახლა გინდა, იყვირეთ და გინდა, ნუ იყვირებთ. რადგან ამას აკეთებს თქვენი ხელისუფლება, მაინტერესებს, ამ პარლამენტში არსებობს ჯანდაცვის კომიტეტი, დაინტერესდეს და მოიწვიოს საკომიტეტო მოსმენაზე ჯანდაცვის მინისტრი, თუ რა თქმა უნდა, მოიცლის პაციენტებისგან, არ ვიცი, რით არის დაკავებული ეკატერინე ტიკარაძე, ბიძინა ივანიშვილია პირადი კბილის ექიმი და ჩააბაროს ანგარიში პარლამენტს. კეთილი ინებოს და გვითხრას, რატომ ხორციელდება ადმინისტრაციული ზეწოლა ცენტრზე, რომელიც სხვა საქმეებს შორის, ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე დებს ექსპერტიზას, რომელსაც იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, იყენებს სტრასბურგი იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეების უფლებები, მოქალაქეების, რომლებიც მიტოვებული არიან საკუთარი ხელისუფლებისგან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.