სუს-ში აცხადებენ, რომ იყენებენ ყველა მექანიზმს, რათა ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე
სუს-ში აცხადებენ, რომ იყენებენ ყველა მექანიზმს, რათა ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

სუს-ში აცხადებენ, რომ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა.

უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მართული სახიფათო ტენდენცია, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის​ (IPRM) შეხვედრების მიზანმიმართულ დაზიანებაში გამოიხატებოდა.

„დე ფაქტო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების დღის წესრიგიდან გ. ოთხოზორიას, ა. ტატუნაშვილის და დ. ბაშარულის საკითხების ამოღება ულტიმატუმის სახით მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ IPRM-ის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შედეგად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ოქტომბერსა და ნოემბერში აღნიშნული შეხვედრები არ გამართულა, ხოლო ოკუპირებულ ქ. გალში IPRM-ის ფორმატი 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ ამ დრომდე შეწყვეტილია. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ქ. გალში ექვსი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფელ ერგნეთში) ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შვიდი შეხვედრა გაიმართა“, – აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში.