შალვა პაპუაშვილი - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ გვჭირდება, რომ „ემპათიის“ დასკვნებში ეჭვი მეპარებოდეს მას შემდეგ, რაც შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებზე სიყალბეს ვისმენდით
შალვა პაპუაშვილი - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ გვჭირდება, რომ „ემპათიის“ დასკვნებში ეჭვი მეპარებოდეს მას შემდეგ, რაც შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებზე სიყალბეს ვისმენდით

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ გვჭირდება იმისთვის, რომ ეჭვი მეპარებოდეს „ემპათიის“ დასკვნებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის სანდოობაზე და იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.

„სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ გვჭირდება იმისთვის, რომ ეჭვი მეპარებოდეს „ემპათიის“ დასკვნებში. სხვა დროსაც მითქვამს, გავიხსენოთ ყველამ შაქარაშვილის საქმე, ბაჩალიაშვილის საქმე, რას ამბობდა მაშინ „ემპათია“ და მისი ხელმძღვანელი. ეს იყო პირდაპირი სიყალბე, რაც მაშინ გვესმოდა ჩვენ ტელევიზიებიდან, ამ ორგანიზაციის მხრიდან. არ მინდა, დეტალებში ჩავიდე, მაგრამ ყველას ახსოვს და თქვენს არქივშიც ინახება, რა სიყალბეს ჰქონდა ადგილი. ეს იყო არა მხოლოდ პროფესიული ეთიკის დარღვევა, არამედ პირდაპირი სიყალბის გავრცელება. ამიტომ, თავისთავად, ნდობა ამ ორგანიზაციის მიმართ, ზოგადად, არ მაქვს, არც არასდროს მქონია მას შემდეგ, რაც შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებზე ვისმენდით სიყალბეს, რომელიც შემდეგ დამტკიცდა.

მით უმეტეს, თუ საექსპერტო დონეზე დადასტურებულია, რომ არ არის სანდო მათი დასკვნა, ეს რა თქმა უნდა, ამყარებს ამ საკითხს.  მაგრამ ამ დასკვნის გარეშეც, ჩვენ ხომ ყველანი ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გავიხსენოთ 2020 წელი, ის ორი საქმე, გავიხსენოთ, რას საუბრობდა მაშინ „ემპათიის“ ხელმძღვანელი და როგორ დადასტურდა, რომ ეს იყო სიცრუის ტირაჟირება, როგორც ექსპერტიზის დასკვნის გრიფის ქვეშ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.