„ემპათიის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება წამების მუხლით უნდა წარიმართოს
„ემპათიის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება წამების მუხლით უნდა წარიმართოს

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის – „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არასწორი მუხლით არის დაწყებული და ის სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით უნდა წარიმართოს, რომელიც წამებას გულისხმობს.

მისი თქმით, იკვეთება ფსიქოლოგიური წამების ნიშნები.

„ემპათიის“ ხელმძღვანელი სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს, საქმის გამოძიების მუხლი შეიცვალოს.

„ჩვენ მივმართავთ სახელმწიფო ინსპექტორს, შეცვალოს გამოძიების მუხლი, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 335-ე  მუხლით, რაც გულისხმობს ჩვენების იძულებით მიცემას. ჩვენ ჩავატარეთ მონიტორინგი ამ საქმის და წამების ყველანაირი ნიშნები იკვეთება, გაერო-ს წამების საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, ეს არის სწორედ აღიარებითი ჩვენების იძულება, მათ შორის ძლიერი სულიერი ან ფიზიკური ტანჯვის მიყენება, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზეზით. სახელმწიფო მოხელეების მხრიდან იკვეთება ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფიზიკურზე ჩვენ ცნობები არ გვაქვს. ფსიქოლოგიური წამების ნიშნები ნამდვილად იკვეთება. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსპექტორს, შეიცვალოს მუხლი და 144-ე პრიმა მუხლით დაიწყოს გამოძიება. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში წამების გამოძიების ფაქტები არ მიმდინარეობს ეფექტიანად, რადგან ხშირ შემთხვევაში, იწყება გამოძიება სხვა მუხლით და არ ხდება იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, გამოძიება და ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტით უნდა ხორციელდებოდეს.

„რამდენად ჩვენთვის ცნობილია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ექსპერტიზა არ დაუნიშნავს. ასევე გახმაურდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი იყო ცუდად და მას არ მისცეს საშუალება, გამოეძახებინა სასწრაფო დახმარება. ეს გახლავთ პირდაპირ ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა, არასათანადო მოპყრობა. ვფიქრობთ, ეფექტიანი უნდა იყოს გამოძიება, სწორი მუხლით წარიმართოს და არა, შემამსუბუქებელი გარემოებით“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.  გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

მოზარდმა თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზემოქმედება განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.