ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი - საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება
ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი - საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება

ამ ეტაპზე სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა ყველა წარმოდგენილი დიაგნოზის გაიდლაინებით არ შეიძლება, ვინაიდან მას დადგენილი აქვს ვერნიკეს სინდრომი, ასევე პოსტტრავმული ნერვული აშლილობა, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გორის ჰოსპიტალთან განაცხადა.

მისი განცხადებით, საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, „რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.

„კონკრეტულად არ მინდა, დავასახელო, რა პრეპარატზეა საუბარი, ნეიროლეფსიური პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ფსიქოზური მდგომარეობების კუპირებისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აღენიშნებოდა ფსიქოზი. ეს პრეპარატი ფიგურირებს როგორც რუსთავის პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ბარათში, ასევე გორის სამედიცინო დოკუმენტაციაში. ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს მეთვრამეტე დაწესებულებიდან დოკუმენტაცია, გვინდა, ვნახოთ დოზირება.

რაც მთავარია, ჩვენ ეს მდგომარეობა დაგვხვდა, კლინიკური მდგომარეობა შეფასებული იყო როგორც ნეიროლეფსია და შესაბამისად, ეს ჩვენი პირველი ვიზიტის დროს დაფიქსირდა. შემდგომში, ჩვენი რეკომენდაციით შეიცვალა დანიშნულება და იცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეძლო სასამართლო პროცესზე დასწრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გაგრძელდებოდა იმ დანიშნულებით მკურნალობა, რომელიც იყო წარმოდგენილი, შეუძლებელი გახდებოდა სასამართლო სხდომაზე დასწრება.

მიზანმიმართულად იყო თუ არა, ალბათ სტრასბურგის ევროსასამართლოში გასცემენ პასუხს. ნებისმიერ შემთხვევაში, საპატიმრო დაწესებულებაში ფსიქოტროპული მედიკამენტების არაადეკვატური გამოყენება ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება. ამ ეტაპზე გადაყვანა ყველა წარმოდგენილი დიაგნოზის გაიდლაინებით არ შეიძლება, ვინაიდან მას დადგენილი აქვს ვერნიკეს სინდრომი არა ჩვენ მიერ და სხვა ნევროლოგების მიერ, არამედ ჩვენ მიერ ასევე დადგენილია პოსტტრავმული ნერვული აშლილობა. მიმდინარეობს ასევე რეფიდინგის ფაზა, რომლის მკურნალობასაც და დაკვირვებას სჭირდება ერთი თვე მაინც. სულ მცირე ამ დიაგნოზების გათვალისიწინებით საჭიროა ორ-სამთვიანი მკურნალობა და შემდგომში რეაბილიტაცია. ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს, კვლევა ისევ გრძელდება და შესაბამისად, გვჭირდება დასკვნისთვის მდგომარეობის დინამიკაში ასახვა“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

დატოვე კომენტარი