ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იულია ტიმოშენკომ თანამდებობებზე დასანიშნად თავისი კანდიდატურები შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იულია ტიმოშენკომ თანამდებობებზე დასანიშნად თავისი კანდიდატურები შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მასთან პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო მივიდა და თანამდებობებზე დასანიშნად თავისი კანდიდატურები შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„ძალიან ძველი უკრაინული ტრადიციაა. ხუთ წელიწადში ერთხელ, იულია ვლადიმიროვნა ტიმოშენკო მოქმედი პრეზიდენტის ოპოზიციაში მიდის და ხალხზე ზრუნვის იმიტაციას ახდენს. მან მოიტანა თავის ხალხის სია „ტკბილ“ ადგილებზე დასანიშნად. სანაცვლოდ კი, წლის განმავლობაში უმაღლეს რადაში პარტია „ხალხის მსახურთან“  ერთად ყველა კანონის მხარდაჭერის პირობა დადო. რა თქმა უნდა, ჩვენ უარი ვთქვით. გარიგებების ეპოქა სამუდამოდ დასრულდა. მაგრამ შეხედეთ, რა ლამაზია ახლა „ოპოზიცია“. ასეთი ფიგურა! იცით რატომ? იმიტომ, რომ ახლა მათ უბრალოდ აღარ აძლევენ ტკბილეულს“, – დაწერა ზელენსკიმ.

13 ნოემბერს ფრაქცია „ბატკივშინამ“ ოპოზიციაში წასვლის შესახებ განაცხადა.