იულია ტიმოშენკოს პარტია საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
იულია ტიმოშენკოს პარტია საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინა“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მის უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს.

პარტია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოავლინოს პოლიტიკური ნება და მიიღოს ბრძნული გადაწყვეტილება.

„უკვე 43-ე დღეს მთელი მსოფლიო შიშითა და მწუხარებით ადევნებს თვალს ქართულ ციხეში მიხეილ სააკაშვილის დევნას. ყოფილ პრეზიდენტს, მსოფლიო დონის პოლიტიკოსს, ლიდერს, რომლის დამსახურებაა საქართველოში მრავალი რეფორმა და ამჟამინდელი მიღწევა, ეპყრობიან, როგორც საზოგადოებისთვის საშიშ დამნაშავეს.

გამოქვეყნებული ვიდეომასალებიდან, მოწმეთა მონათხრობიდან და ექიმების დიაგნოზებიდან ცხადია, რომ საუბარია დამცირებაზე, ღირსებისა და პატივის შელახვაზე და დაპატიმრებული პოლიტიკოსის ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებაზე. მიხეილ სააკაშვილის მიმართ ცალკეული ქმედებები უფლებადამცველების მიერ კვალიფიცირდება, როგორც წამება. ამგვარი მდგომარეობა დაუშვებელია. ეს უმსგავსობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, სინდისის პატიმარი კი – გათავისუფლდეს.

პარტია „ბატკივშინა“ თავის ბრძოლაში არაერთხელ მდგარა მიხოსთან მხარი-მხარ. ჩვენ, როგორც არავის, გვქონდა შესაძლებლობა, დავრწმუნებულიყავით მისი ზრახვების კეთილშობილებაში და თავისი ხალხებისადმი მის სიყვარულში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოავლინოს პოლიტიკური ნება და მიიღოს ბრძნული გადაწყვეტილება. მოვუწოდებთ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნებისკენ. აქ ის შეძლებს, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება, გაიაროს რეაბილიტაცია და გააგრძელოს მუშაობა თავისი ორი სამშობლოს – საქართველოსა და უკრაინის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.