სალომე ზურაბიშვილსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სალომე ზურაბიშვილსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა „შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას“.

„სალომე ზურაბიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ პროვოკაციების მიმართ გამძლეობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ვიმოძრაოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი მიმართულებით, რომელიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ნატო-სა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს და უკრაინის ერთობლივი მიზნების წარდგენის საჭიროება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ გამოიყენებენ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.