ვლადიმირ ზელენსკი დონბასში ომის დასრულების ერთადერთ გზად ნატო-ს წევრობას ასახელებს
ვლადიმირ ზელენსკი დონბასში ომის დასრულების ერთადერთ გზად ნატო-ს წევრობას ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დონბასში ომის დასრულების ერთადერთ გზად ნატო-ს წევრობას ასახელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ მან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო სუაბრისას განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნატო-სთან ურთიერთობებში ყველაზე აქტუალური საკითხი ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემის შესაძლებლობაა.

„ჩვენ მივისწრაფით ჩვენი ჯარისა და თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისკენ, თუმცა მხოლოდ რეფორმები რუსეთს არ შეაჩერებს. ნატო არის ერთადერთი გზა დონბასში ომის დასასრულებლად. წევრობის სამოქმედო გეგმა გახდება ნამდვილი სიგნალი რუსეთისთვის“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან დონბასში ვითარების გამწვავების საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში შეინიშნება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევებისა და გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროების რაოდენობის ზრდა. მან ასევე სტოლტენბერგს უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ ჯარების მობილიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ნატო-ს წევრ ქვეყნებს, მეტი ყურადღება დაუთმონ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს და გააძლიერონ აღნიშნულ რეგიონში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობა.