ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ“ 2012 წლის განკარგულება გააუქმა
ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ“ 2012 წლის განკარგულება გააუქმა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ“ 2012 წლის განკარგულება გააუქმა. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც პუტინის განკარგულებაშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება მიმართულია რუსეთის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისკენ საერთაშორისო ურთიერთობებში არსებითი ცვლილებების პირობებში.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებდა, რომ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აღნიშნავდა, რომ განახლებულ კონცეფციაში საუბარი იქნება დასავლეთის მონოპოლიზაციის შეჩერების აუცილებლობაზე.

რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელების ზომების შესახებ დოკუმენტს 2012 წლის 7 მაისს მოეწერა ხელი. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო მისი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისკენ პრაგმატიზმის, გამჭვირვალობისა და მრავალვექტორულობის პრინციპების საფუძველზე.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის საგარეო უწყებას ევალება, განავითაროს ევროკავშირთან ენერგეტიკული პარტნიორობა, ერთობლივად ჰქონდეს სწრაფვა ერთიანი ეკონომიკური და ადამიანური სივრცის შექმნისკენ, ატლანტიკურიდან წყნარ ოკეანემდე; გაატაროს აშშ-სთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების კურსი თანასწორუფლებიანობის, შიდა საქმეებში ჩაურევლობის და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით. 2012 წლის განკარგულება ასევე ითვალისწინებდა აშშ-სთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების თანმიმდევრულ შესრულებას.

შეგახსენებთ, გუშინ ფედერალური კრებისადმი მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობას აჩერებს.

რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ დოკუმენტი ითვალისწინებდა ნატო-სთან ურთიერთობების განვითარებას უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ინტერესების გათვალისწინების კუთხით ალიანსის მზადყოფნის თანაზომიერად. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალებოდა, დაეცვა რეგიონული კონფლიქტების პოლიტიკური/დიპლომატიური დარეგულირების უალტერნატივობა მოლაპარაკებებში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვის საფუძველზე.

გარდა ამისა, თავისი განკარგულებით, რუსეთის პრეზიდენტი საგარეო უწყებას ავალებდა დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების გზების ძიებაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელებას მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნეიტრალური სტატუსის პატივისცემის საფუძველზე, დნესტრისპირეთის განსაკუთრებული სტატუსის გათვალისწინებით. დოკუმენტში ასევე ნათქვამი იყო, რომ რუსეთის საგარეო უწყებას აქტიური ხელშეწყობა უნდა განეხორციელებინა „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებისთვის, მათი საერთაშორისო პოზიციების გამყარებისთვის, ასევე მათი უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფისთვის“.