„ვოლ სტრიტ ჯორნალი“ - აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ვლადიმერ პუტინს კოლონიაში ალექსეი ნავალნის მკვლელობის პირდაპირი განკარგულება, სავარაუდოდ, არ გაუცია
„ვოლ სტრიტ ჯორნალი“ - აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ვლადიმერ პუტინს კოლონიაში ალექსეი ნავალნის მკვლელობის პირდაპირი განკარგულება, სავარაუდოდ, არ გაუცია

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის კოლონიაში მკვლელობის შესახებ პირდაპირი განკარგულება, სავარაუდოდ, არ გაუცია.

ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

თუმცა მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ აღნიშნული რუსეთის ლიდერს ნავალნის გარდაცვალებაზე საბოლოო პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, ოპოზიციონერის მრავალწლიანი დევნის, მის წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებისა და 2020 წელს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მისი მოწამვლის გათვალისწინებით.

გამოცემის ცნობით, ეს დასკვნა ფართოდ არის მიღებული აშშ-ის დაზვერვის მიერ, მათ შორის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისისა და სახელმწიფო დეპარტამენტის სადაზვერვო განყოფილების მიერ.

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების შეფასება ეფუძნება სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის, გასაიდუმლოებულ სადაზვერვო მონაცემებს და საჯარო მასალების ანალიზს.

ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თებერვალში გარდაიცვალა. ოპოზიციონერის მოკავშირეები მის მკვლელობაში ბრალს რუსეთის პრეზიდენტს სდებენ.

The Wall Street Journal-ის სტატიას გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი და თქვა, რომ ის „ცარიელ სპეკულაციებს“ შეიცავს.

„ვნახე მასალა, ვერ ვიტყოდი, რომ მაღალი ხარისხის მასალაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს“, – თქვა პესკოვმა.